Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების დენონსაციას


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების (CFE) დენონსაციის შესახებ.

„1990-იანი წლების დასაწყისიდან, ფართომასშტაბიანი სამხედრო-პოლიტიკური ცვლილებების გავლენით, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ნატოს გაფართოებასთან არის დაკავშირებული, ის დიდწილად მოძველდა და დაკარგა კავშირი რეალობასთან“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას 1990 წელს პარიზში მოაწერეს ხელი ნატოს 16 ქვეყნისა და ვარშავის პაქტის ორგანიზაციის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებმა. დოკუმენტი განახლდა 1999 წელს, მაგრამ რატიფიცირებულ იქნა მხოლოდ ოთხი მონაწილის - რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და ბელარუსის - მიერ. ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება შეზღუდვებს აწესებს საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მოიერიშე შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობაზე.

2007 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტების შეჩერების შესახებ მანამდე, სანამ ნატოს ქვეყნები მოახდენდნენ მის რატიფიცირებას. მაშინ ალიანსმა განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედებები ხელს არ უწყობს ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

რუსეთისთვის CFE-ის დენონსაციასთან ერთად ავტომატურად წყდება მასთან დაკავშირებული რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედება.

თებერვალში პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აჩერებს ქვეყნის მონაწილეობას New START-ში, შეერთებულ შტატებთან დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირებას. შეთანხმება არ ითვალისწინებს ცალმხრივ შეჩერებას, ფაქტობრივად, მოსკოვმა უბრალოდ უარი თქვა მის შესრულებაზე.

მაშინ პუტინმა თქვა, რომ ხელშეკრულების განხორციელება შეუძლებელია მანამ, სანამ „დასავლური ელიტები რუსეთის განადგურებას ცდილობენ“. შეერთებულმა შტატებმა გადაწყვეტილებას "დიდი შეცდომა" უწოდა.

XS
SM
MD
LG