Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხარაძის თქმით, ევროკავშირისგან ფრენების აღდგენაზე დემარშის გადაცემა ლოგიკურია


ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ლოგიკურია, რომ საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარში გადასცეს. მან პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენა იმისთვისაც, რომ ევროკავშირის მიმართ უკმაყოფილება გამოეთქვა.

"რაც შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დემარშს ფრენებთან დაკავშირებით, სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური ამბავია, როდესაც ევროკავშირს სურს, საქართველომაც იმოქმედოს ისე, როგორც ევროკავშირი მოქმედებს, იმიტომ რომ ის ჩვენი პარტნიორია. ამაში არც გასაკვირი, არც გასაბრაზებელი და საწყენია რამე. მათი მოთხოვნა ლოგიკურია. მეორე მხარეს დგას ინტერესები - ევროკავშირს საკუთარი ინტერესები აქვს, ჩვენ კი ჩვენი ინტერესი გვაქვს", - თქვა სამხარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან დღემდე არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არაა დაფიქსირებული ტერმინი "ოკუპაცია". გარდა ამისა, მისი თქმით, ევროკავშირს სთხოვეს, დახმარება გაეწია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხში - "ჩადებულიყო ერთი მარტივი პირობა, რომ ქვეყანა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას, ვერ გახდება ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მიმღები".

"ჩვენი მოთხოვნები და ინტერესები გათვალისწინებული რომ იყოს, მერწმუნეთ, საქართველოს ხელმოწერა ბევრად მეტ დოკუმენტზე იქნებოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განცხადებებთან მიმართებით, ვიდრე დღეს არის. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ - ჩვენ დღეს არ ვართ იმ მოცემულობაში, რომ ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ.

ჩვენ გვაქვს ჩვენი ძალიან დიდი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები. როდესაც საქართველო იქნება ნატოს წევრი, მაქსიმალურად დაუახლოვდება ევროკავშირს და გაწევრიანების ზღვარზე იქნება, ჩვენ უფრო მეტ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს გადავდგამთ ერთად", - თქვა პარლამენტის ტრიბუნიდან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს გუშინ, 29 მაისს, დემარში გამოუცხადეს.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა 16 მაისიდან აქვს. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომლის პირველ რეისსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG