Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ივნისიდან თეთრი ფერის, 10 წელზე ნაკლები ასაკის ტაქსის BUS Lane-ებში მოძრაობა შეუძლია


დღეიდან, 1 ივნისიდან, ე.წ. თეთრი ფერის ანუ A კატეგორიის ტაქსებს, რომელთა ასაკი 10 წელზე ნაკლებია, თბილისში, საავტობუსე ზოლებში მოძრაობა შეუძლიათ.

მგზავრისთვის ასეთი მანქანა ადვილად ამოსაცნობი რომ იყოს, თბილისის მერია მძღოლებს ამომცნობ სტიკერებს გადასცემს.

„A კატეგორიის ტაქსებს, თუ ავტომანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1 ივნისიდან საავტობუსე ზოლებში მოძრაობის საშუალება ეძლევათ“, - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის 26 აპრილის სხდომაზე.

A კატეგორიის ტაქსის მოძრაობა საავტობუსო ზოლში დაშვებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ მონაკვეთებში, სადაც ავტობუსი მოძრაობს ავტოსაგზაო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით და არა საწინააღმდეგო მიმართულებით, მაგალითად, როგორც ეს ვაკეში და გლდანის გარკვეულ მონაკვეთებზეა.

ავტობუსის ზოლში მოძრაობა ნებადართულია შემდეგ ქუჩებზე:

  1. თამარ მეფის გამზირი;
  2. რუსთაველის გამზირი;
  3. პეკინის გამზირი;
  4. მოსკოვის გამზირი;
  5. გრიგოლ რობაქიძის გამზირი;
  6. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი;
  7. ქეთევან დედოფლის გამზირი;
  8. ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი;
  9. ჯავახეთის ქუჩა;
  10. ვიქტორ კუპრაძის ქუჩა;
  11. სესილია თაყაიშვილის ქუჩა;
  12. ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი;
  13. გრიგოლ ორბელიანის მოედანი;
  14. მერაბ კოსტავას ქუჩა;
  15. ჟიული შარტავას ქუჩა;
  16. ანა კალანდაძის ქუჩა;
  17. მიხეილ თამარაშვილის ქუჩა;
  18. ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩა;
  19. მირიან მეფის ქუჩა;
  20. პეტრე იბერის ქუჩა.

თბილისში ტაქსით მომსახურების გასაწევად აუცილებელია შესაბამისი ლიცენზიის ქონა. A კატეგორიის ტაქსი აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს, მას შეუძლია მგზავრის ნებისმიერ ადგილზე აყვანა, B კატეგორიის ტაქსიზე მანქანის ფერი შეზღუდული არ არის, თუმცა მხოლოდ გამოძახების სერვისით მუშაობა შეუძლია.

A კატეგორიის ლიცენზიების გაცემა თბილისის მერიამ რამდენიმე თვის წინ შეწყვიტა.

XS
SM
MD
LG