Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ GDI-ს თავმჯდომარე პარლამენტთან ცარიელი ფურცლის დაჭერის გამო დააკავა


GDI-ს თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი.
GDI-ს თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „საქარველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი ცარიელი ფურცლის დაჭერის გამო დააკავეს.

აქტივისტებს, ასევე, ჰქონდათ პოსტერები სხვადასხვა წარწერით. „ხელში გვეჭირა პოსტერები, ზოგს ცარიელი ფურცლები, ზოგს ფურცლები ასო-ბგერებით, მე მეჭირა პოსტერი, რომელსაც ეწერა ტექსტი ივანიშვილის ცნობილი გამოსვლიდან: „რაც გინდათ ის დაუძახეთ", რომლის ქვევით ეწერა - „ვირაკლი". ამას პოლიციის მხრიდან მოჰყვა ჭიდაობა, დააკავეს რამდენიმე ადამიანი", - თქვა იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთაველის გამზირიდან „ფეისბუკ-LIVE"-ში.

წინასწარი ინფორმაციით, მარიკაშვილის გარდა დაკავებულია „ღია საზოგადოების" ფონდის თანამშრომელი საბა ბრაჭველი და აქტივისტი ნიკა რომანაძე.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შსს-ს პრესცენტრს. ცნობის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

2 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დაკავებულ კიდევ სამ პირს, მათ შორის, ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევას ედავებიან. როგორც შსს-ს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ორი პირის დაკავების საფუძველი გახდა ამავე კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლები, ერთი კი 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

შოთა თუთბერიძეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ხელში ჰქონდა პლაკატი წარწერით: „ირა...ლი". ამავე სიტყვას სკანდირებდნენ იქ მყოფი დემონსტრანტები.

2 ივნისს ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

1 ივნისს, ღამით, პარლამენტის შენობის უკან პოლიციამ კარვის გაშლის უფლება კვლავ არ მისცა ბექა გრიგორიადისს. ის იმ დროს დააკავეს, როცა სცადა ჩანთის გახსნა და კარვის ამოღება.

გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ აქციის მონაწილის მხრიდან კარვის გაშლა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. ასე ეხმიანება ომბუდსმენი გუშინ, 1 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სწორედ ამ ქმედებისთვის ბექა გრიგორიადისის, მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მამის, დაკავებას.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).

ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. ადვოკატს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უარი უთხრეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.

XS
SM
MD
LG