Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა საჭიროდ არც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია


მარტის აქციების მონაწილის, პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეში ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა მტკიცებულებად არ იქნება წარმოდგენილი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, არ მიიჩნია საჭიროდ ექსპერტიზის ჩატარება იმის დასადგენად, არის თუ არა ბრალდების მხარის მტკიცებულებებად გამოყენებულ ვიდეოჩანაწერებში მოქმედი პირი და ლაზარე გრიგორიადისი ერთი და იგივე ადამიანი. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება გრიგორიადისის ადვოკატებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურას პიროვნების ვინაობის დამდგენი ექსპერტიზა ჩატარებული არ ჰქონდა.

ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზასა და მისი პასუხების მტკიცებულების სახით გამოყენებაზე ლაზარე გრიგორიადისს უარი საქალაქო სასამართლომ 1 მაისს, წინასასამართლო სხდომაზე უთხრა. ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი", რომელიც სასამართლოში კერძო ადვოკატებთან ერთად იცავს ლაზარე გრიგორიადისის ინტერესებს, მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომაც და სააპელაციომაც ამ გადაწყვეტილებებით "დაარღვიეს მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა. შესაბამისად ბრალდებულს მოუსპო საშუალება, მოეპოვებინა მისი გამართლებისათვის საჭირო მტკიცებულება."

ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 18 მაისს იწყება. ამ საქმეს მოსამართლე ზვიად შარაძე განიხილავს.

გახმაურებული საქმეებიდან ზვიად შარაძე განიხილავდა "კარტოგრაფების საქმეს". ამ საქმეზე მან დაცვის მხარეს უარი უთხრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწმის სახით სასამართლოში გამოკითხვაზე და 2020 წლის 30 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა ორივე ბრალდებული მაშინ, როცა დაცვა მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. საბოლოოდ, კარტოგრაფების საქმის ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოთი მაინც შეეცვალათ, 2021 წლის 28 იანვარს.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას). მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, 1 მაისს, აღკვეთის ღონისძიების გადახედვისას, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

7-9 მარტის აქციებზე სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით სასამართლო განიხილავს კიდევ ერთი დემონსტრანტის, თორნიკე აკოფაშვილის საქმეს. გამოძიება მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავება. თორნიკეს შემთხვევაში სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად გირაო გამოიყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG