Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 43 დარღვევა და 7450 ლარის ჯარიმებია - „ჩეჩნური ავტოკოლონა“ საქართველოში


ჯარიმების მოცულობა 7000 ლარს აჭარბებს
ჯარიმების მოცულობა 7000 ლარს აჭარბებს

სავარაუდოდ, ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეკ ახმეტხანოვის და გროზნოს ყოფილი მერის საავტომობილო კოლონაში შემავალმა ავტომობილებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სულ ცოტა, 43-ჯერ დაარღვიეს საავტომობილო მოძრაობის წესები. ვიდეოჯარიმების მოცულობა, სულ მცირე, 7450 ლარს შეადგენს.

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქშია გადაღებული და რომელზეც ჩანს რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი, ერთნაირი, სავარაუდოდ, „მერსედესის“ G-კლასის ავტომობილების კოლონა, თითქმის ერთნაირი სანომრე ნიშნებით.

ყველა მათგანის ნომერში ფიგურირებს სამი შვიდიანი. მაგალითად: A777AC77, C777CE77, A777AK77, O777OC77 და B800EC797.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პორტალზე, სადაც საჯარიმო ქვითრები საჯაროდ ქვეყნდება, ჩანს, რომ ამ ხუთი სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებს 22 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში ზუსტად 43 ჯარიმა აქვთ გამოწერილი.

მათგან ერთ-ერთი ავტომობილი, სანომრე ნიშნებით A777AC77, სავარაუდოდ, ჩეჩენ ბიზნესმენს, ასლანბეკ ახმეტხანოვს ეკუთვნის. ასეთივე ავტომობილები, იდენტური ნომრებით, ასახულია ვიდეოში, რომელიც ინსტაგრამზე ერთი წლის წინაა გამოქვეყნებული ბიზნესმენ ასლანბეკ ახმეტხანოვის სახელით.

43 ჯარიმა - 7450 ლარი

  • ავტომობილს, სანომრე ნიშნებით A777AC77, 10 დარღვევა უფიქსირდება; სავარაუდოდ, ეს ავტომანქანა ეკუთვნის ახმეტხანოვს;
  • ავტომობილს, სანომრე ნიშნებით C777CE77 - 8 ჯარიმა;
  • ავტომობილს, სანომრე ნიშნებით A777AK77 - 9 ჯარიმა;
  • ავტომობილს, სანომრე ნიშნებით O777OC77 - 7 ჯარიმა
  • ავტომობილს, სანომრე ნიშნებით B800EC797 - 9 ჯარიმა;
ვიდეოჯარიმები 22 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდშია გამოწერილი
ვიდეოჯარიმები 22 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდშია გამოწერილი

ამ ხუთი ავტომობილის ჯარიმების მოცულობა 7450 ლარს აღწევს.

  • A777AC77 - 1550 ლარი;
  • C777CE77 - 1650 ლარი;
  • A777AK77 - 1700 ლარი;
  • O777OC77 - 1100 ლარი;
  • B800EC797 - 1450 ლარი.

პირველი ჯარიმა დაფიქსირებულია 22 მაისს, ხოლო ბოლო ოთხი - 3 ივნისს.

26 მაისს გამოწერილი ჯარიმის დეტალები
26 მაისს გამოწერილი ჯარიმის დეტალები

ჯარიმები გამოწერილია საავტომობილო მოძრაობის წესების დარღვევისათვის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის თბილისში, ხაშურთან, აგარასთან, ნიგოითთან (გურიაში), ლანჩხუთთან, ჯაპანასთან და შეკვეთილთან. მათ საგზაო მოძრაობის წესები ძირითადად ერთსა და იმავე ადგილებში აქვთ დარღვეული.

რას ამბობენ ხელისუფლებაში?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

„ქართული ოცნების”წევრი, დეპუტატი დიტო სამხარაძე ფეისბუკზე წერს, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ „გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი მეგობრებთან ერთად“.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ 5 ივნისს განაცხადა, რომ „ეს თემა არ არის, რომლითაც შეიძლება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხი რაიმე საეჭვო გარემოებში აღმოჩნდეს“.

ამ ადამიანების ცხოვრების წესი და მანერა არის ერთი თემა, რომელიც შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ კადიროველებად და დივერსანტებად მათი მონათვლა, არასწორია. კადიროველი სხვა რამეა“, - განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

რა ვიცით?

„ევროპული მდგრადობის ინიციატივის ცენტრის“ (European Resilience Initiative Center) დამფუძნებელი, ექსპერტი აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სერგეი სუმლენი ტვიტერზე აზიარებს საქართველოში ესკორტის გადაადგილებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და წერს, რომ „777-77“ ნომრები რუსეთში, ძირითადად, გაიცემოდა დანაშაულებრივი სამყაროს, მთავრობის, ანდა სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის.

გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ («Кавказский узел») წერდა, რომ ახმეტხანოვი ძალიან მდიდარი ბიზნესმენი და კომპანია „იუგ-ნეფტის“ («Юг-нефть») მფლობელია, რომელსაც კავშირი აქვს დანაშაულებრივ სამყაროსთან. გამოცემის წყაროები იუწყებოდნენ, რომ მისი ზედმეტსახელია „ეშმაკი“.

2020 წლის აპრილში რამზან კადიროვი პირადად, საჯაროდ და მწვავედ დაუპირისპირდა ასლანბეკ ახმეტხანოვს, კარანტინის დროს ქალების გარემოცვაში ალკოჰოლური სასმლის მიღებისა და ასევე იარაღის შესყიდვის გამო. ბიზნესმენმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ, მუქარების ფონზე, გარკვეული დროით ჩამოშორდა ოჯახს.

თავის სოფელში, საცხოვრებელ სახლში, ბიზნესმენი რამდენიმე კვირის შემდეგ დაბრუნდა. ექსპერტები მაშინ აღნიშნავდნენ, რომ კადიროვმა ძალისა და ხალხის კონტროლის სადავეების დემონსტრირება მოახდინა, თუმცა, მათ შორის, ფინანსური ინტერესების გამო, მოსალოდნელი არ იყო ბიზნესმენ ახმეტხანოვის სამუდამო გაწირვა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, „კადიროველებმა“ საქართველო უკვე დატოვეს და თურქეთში გადავიდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG