Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიასა და სოცქსელებში მსჯელობენ „კადიროველების“ საქართველოში ჩამოსვლაზე


ფოტო არქივიდან."ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტი, საქართველო-რუსეთის საზღვარზე
ფოტო არქივიდან."ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტი, საქართველო-რუსეთის საზღვარზე

ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი, ერთნაირი, სავარაუდოდ, G-კლასის ავტომობილების კოლონის ამსახველი ვიდეო, რომელიც სოფელ ნატახტართან არის გადაღებული. მოგვიანებით გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ასახულია იგივე ავტომობილები, პარკირებული უკვე ბათუმში.

სოცქსელების მომხმარებლები წერენ, რომ მაისში საქართველოში ჩამოსული იყვნენ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის წარმომადგენლები. პანკისის ხეობის მკვიდრის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ფეისბუკში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, გავრცელებული კადრები ასახავს „რამზან კადიროვის ესკორტის იმ ნაწილს“, რომელსაც „მათთვის ძაან მნიშვნელოვან მისიაზე უშვებენ!“ და „ეს რაზმი“ სადაზვერვო საქმიანობას ეწევა.

"ევროპული მდგრადობის ინიციატივის ცენტრის" (European Resilience Initiative Center) დამფუძნებელი, ექსპერტი აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სერგეი სუმლენი ტვიტერზე აზიარებს საქართველოში ესკორტის გადაადგილებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და წერს, რომ "777-77" ნომრები რუსეთში, ძირითადად, გაიცემოდა დანაშაულებრივი სამყაროს, მთავრობის, ანდა სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის.

"საინტერესოა, რომ სერია "77" ოფიციალურად აღარ არსებობს ახლად დარეგისტრირებული ავტომობილებისთვის, მაგრამ მემკვიდრეობით გადაეცემათ სისტემის შიგნით", - წერს ექსპერტი და ავრცელებს ვიდეო და ფოტომასალას, თუ როგორ გადაადგილდება მსგავსი ესკორტი სხვადასხვა დროს და სავარაუდოდ - არა მხოლოდ რუსეთში.

ერთ-ერთი ვერსიით, ესკორტით საქართველოში ჩეჩენი ბიზნესმენი გადაადგილდებოდა. ასეთივე ავტომობილები, მსგავსი ნომრებით, ასახულია ვიდეოში, რომელიც ინსტაგრამზე ბიზნესმენ ასლანბეკ ახმეტხანოვის სახელით, ერთი წლის წინ არის გამოქვეყნებული.

„კავკაზსკი უზელი“ («Кавказский узел») წერდა, რომ ახმეტხანოვი ძალიან მდიდარი ბიზნესმენი და კომპანია „იუგ-ნეფტის“ («Юг-нефть») მფლობელია, რომელსაც კავშირი აქვს დანაშაულებრივ სამყაროსთან. გამოცემის წყაროები იუწყებოდნენ, რომ მისი ზედმეტსახელია „ეშმაკი“.

2020 წლის აპრილში რამზან კადიროვი პირადად, საჯაროდ და მწვავედ დაუპირისპირდა ასლანბეკ ახმეტხანოვს, კარანტინის დროს ქალების გარემოცვაში ალკოჰოლური სასმლის მიღებისა და ასევე იარაღის შესყიდვის გამო. ბიზნესმენმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ, მუქარების ფონზე, გარკვეული დროით ჩამოშორდა ოჯახს.

თავის სოფელში, საცხოვრებელ სახლში, ბიზნესმენი რამდენიმე კვირის შემდეგ დაბრუნდა. ექსპერტები მაშინ აღნიშნავდნენ, რომ კადიროვმა ძალისა და ხალხის კონტროლის სადავეების დემონსტრირება მოახდინა, თუმცა, მათ შორის, ფინანსური ინტერესების გამო, მოსალოდნელი არ იყო ბიზნესმენ ახმეტხანოვის სამუდამო გაწირვა.

მედიასა და სოცქსელებში გაჩაღებული დისკუსიების შესახებ საქართველოს ხელისუფლებას განცხადება არ გაუკეთებია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, „კადიროველებმა“ საქართველო უკვე დატოვეს და თურქეთში გადავიდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG