Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის გზა რელიგიური დღესასწაულის გამო გახსნა


ახალგორის მუნიციპალიტეტი, მოსაბრუნის ე.წ. გამშვები პუნქტი. 18 აგვისტო, 2022 წელი
ახალგორის მუნიციპალიტეტი, მოსაბრუნის ე.წ. გამშვები პუნქტი. 18 აგვისტო, 2022 წელი

დღეს დილიდან ოკუპირებული ახალგორის ე.წ გამშვები პუნქტი, გამონაკლისის სახით, ერთი დღით გაიხსნა. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭომ გადაწყვეტილება სამშაბათს საღამოს მიიღო. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. დღეს, დილის 7 საათიდან კი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის გზა გახსნილია. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გზის გახსნის გადაწყვეტილება "ლომისობის" რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღეს.

მოსაბრუნის (ცხინვალის ცნობით, რაზდახანის) საგუშაგოზე გადაადგილება გამარტივებული წესით 7 ივნისის 8:00 საათიდან 8 ივნისის 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

"ლომისობის რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით ნებადართულია სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა გამარტივებულ რეჟიმში გამშვებ პუნქტ "რაზდახანის" გავლით 7 ივნისის 8:00 სთ-დან 8 ივნისის 20:00 სთ-მდე", - აღნიშნულია დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს განცხადებაში.

გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალა არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანს, ანატოლი პლიევს.

ოკუპირებულ ახალგორთან განთავსებული მოსაბრუნის (რაზდახანის) ე.წ გამშვები პუნქტი ყოველი თვის 20 რიცხვიდან 30 რიცხვამდე იხსნება ხოლმე. ამ შემთხვევაში გამონაკლისი რელიგიური დღესასწაული გახდა. ამ დღეს ქართველები და ოსები ლომისის სალოცავში ერთად აღნიშნავენ ხოლმე და გზის გახსნა ორივე მხარის ინტერესში იყო.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა „რაზდახანის" (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა. ანატოლი ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ახალგორი ამ საგუშაგოს აღებამდე ჩაკეტა. ალან გაგლოევი კი ახალგორელებს შეჰპირდა, რომ გზას გახსნიდა. ჯერჯერობით ე.წ. პრეზიდენტის პირობა თვეში მხოლოდ 10 დღით სრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG