თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ და რუს კოლეგებს.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოანმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინთან საუბარში უკრაინაში მიმდინარე ომის თემა და კახოვკის ჰესის აფეთქების მიუკერძოებელი გამოძიების მნიშვნელობა განიხილა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარა მზადაა, წვლილი შეიტანოს კომისიის შექმნაში, რომელშიც რუს და უკრაინელ ექსპერტებთან ერთად შევლენ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაეროსა და თურქეთის წარმომადგენლებიც.
ერდოანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარში მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური სასურსათო კრიზისის მოგვარებაში.
ამასთან, ერდოანმა სასარგებლო უწოდა გაეროსთან შემდგომ კოორდინაციას, რუსეთის ფედერაციიდან მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტისთვის ბარიერების მოხსნის საკითხზე.
ანკარა მზადაა გააგრძელოს ძალისხმევა რეგიონში სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, - განაცხადა ერდოანმა.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების ფონზე შეუძლებელია ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება, ამიტომ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების განახლების საკითხზე კონცენტრირება. მისი თქმით, ანკარა გააგრძელებს მტკიცე ძალისხმევას სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად.
რუსეთის პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, პუტინმა ერდოანთან სატელეფონო საუბარში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილა, მოსაზრებები გაცვალეს უკრაინასთან დაკავშირებით.
განცხადებაში არაფერია ნათქვამი ერდოანის ერთობლივი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "კიევის ხელისუფლება დასავლელი კურატორების მითითებით განაგრძობს საბრძოლო მოქმედებების სახიფათო ესკალაციას და სჩადის ომის დანაშაულებს, იყენებს ტერორისტულ მეთოდებს, ორგანიზებას უწევს დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე, ამის ნათელი მაგალითია ხერსონის ოლქში კახოვკის ჰესის ნგრევის ბარბაროსული აქცია, რამაც მასშტაბური ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია".
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით, ერდოანთან „კახოვკის ჰესზე რუსული ტერორისტული აქტის ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ შედეგებზე“ ისაუბრა, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის შესაძლო რისკის კონტექსტში და ერდოანს გადასცა კატასტროფის სალიკვიდაციოდ გადაუდებელი საჭიროებების სია.
ერდოანის ინიციატივაზე არც უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი. მასში აღნიშნულია "თურქეთის მნიშვნელობა უკრაინის ტერიტორიებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანის საკითხში და მარცვლეულის შეთანხმების გაფართოებაში".
- 6 ივნისს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რუსეთმა ააფეთქა "მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი" და ეს არის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპაში ადამიანის ხელით გამოწვეული უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა.
- კახოვკის ჰესი მდებარეობს ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
- პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო რუსი სამხედროების მიერ ჰესის აფეთქება და მომხდარს უწოდა "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია".
- ანალიტიკოსების ნაწილი ერთ-ერთ ვერსიად იმას განიხილავს, რომ კაშხალი შესაძლოა, თავად დაინგრა საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად.
- კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.
- უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით.
- რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით.
- როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.
.