Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიმშილობის პირველი და გაფიცვის მე-8 დღე: მაღაროელები პროტესტს არ წყვეტენ


გაფიცული მაღაროელების კარავი, ჭიათურა
გაფიცული მაღაროელების კარავი, ჭიათურა

წუხელ გვიან ღამით, ჭიათურაში, ათმა გაფიცულმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. პროტესტის უკიდურეს ფორმას მათ გაფიცვის მეშვიდე დღეს მიმართეს. დღეს უკვე მერვე დღეა, რაც ჭიათურაში დაწყებული პროტესტის მერე ყველა მაღარო გაჩერებულია. სამი ათასზე მეტი მაღაროელი სამსახურში არ დადის.

ისინი ხელფასის 40%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. გუშინ, მხარეებს შორის მედიაციის პროცესში სახელმწიფოც ჩაერთო - ჯერჯერობით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და მშრომელებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება.

ჭიათურელი მაღაროელების კარავი, გაფიცვის მე-8 დღე
ჭიათურელი მაღაროელების კარავი, გაფიცვის მე-8 დღე

ჭიათურის ცენტრში მაღაროელებმა კარავი გუშინ საღამოს გაშალეს. საღამოსვე შეხვდნენ თბილისიდან ჩასულ მედიატორსაც, რომელმაც მხარეების მოთხოვნები ერთმანეთს უნდა გააცნოს და მათ მორიგებაში დაეხმაროს. მათი შეხვედრა ღამის სამ საათზე დაასრულდა. დღეს მედიატორი მაღაროელების მოთხოვნებს „ჯორჯიან მანგანეზს“ კიდევ ერთხელ გააცნობს.

მთავარ მოთხოვნებს შორის, ხელფასის ზრდის გარდა, არის:

  • 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება.
  • ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება.
  • დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება.
  • დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება.
  • ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება.
  • ულუფის გაუმჯობესება.
  • უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.

ეს მოთხოვნათა მხოლოდ ნაწილია.

მერაბ სარალიძე
მერაბ სარალიძე

მოშიმშილეთა შორის არის გვირაბგამყვანი მერაბ სარალიძე, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მაღაროელებს უკან დასახევი გზა არა აქვთ. ის და მისი მოშიმშილე მეგობრები კარავში რჩებიან და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ელიან.

პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე, მაღაროელი დავით ჩინჩალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ისინი ყველანაირი შედეგისთვის მზად არიან და მათი შემდგომი ნაბიჯებიც კომპანიის პასუხზე იქნება დამოკიდებული.

დათო ამბობს, რომ შესაძლოა, დღეს ყველა მაღაროელი ქუჩაში არ დგას, თუმცა პროტესტს ყველა სოლიდარობას უცხადებს. მათი ნაწილი არ ცხოვრობს ჭიათურაში და მიუხედავად ამისა, თითო დღით მაინც ჩადიან გაფიცულებთან.

„ჩვენი სამუშაო არის მართლა ძალიან რთული. მოსაყოლადაც კი რთულია, არათუ იქ, მიწისქვეშ სამუშაოდ. მაინც გვიკვირს, რატომ უნდა გვჭირდებოდეს ხვეწნა, რომ ღირსეული ხელფასი გვქონდეს? მით უმეტეს, რომ საუბარი გვაქვს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზზე“, ამხელა დამსაქმებელზე, ექსპორტის ერთ-ერთ ლიდერზე. რატომ უნდა ხდებოდეს, რომ მუშების ხარჯზე აკეთონ ეკონომია? რატომ უნდა გვითხრან, რომ დავუშვათ, 130 ლარის საქმე 100 ლარად ვაკეთოთ?“, - ამბობს დავით ჩინჩალაძე.

სოციალურ ქსელ ფეისბუკში პროტესტის მონაწილე მაღაროელებმა საკუთარი გვერდიც გააკეთეს, სადაც აქციის შესახებ ინფორმაციას მუდმივად აახლებენ. ლაივ ჩართვების დროს აქციაზე შეკრებილი მაღაროელები იმ პრობლემებზე ლაპარაკობენ, რაც დღემდე ვერ მოგვარდა. მათ შორისაა სამედიცინო დაზღვევის, უსაფრთხოების თუ კვების საკითხები:

„რა დაზღვევა? ას ლარს თუ ცდება წამლის ფასი, არავინ გვიწერს დაზღვევას. ას ლარს არ უნდა აცდე“.

„ერთხელ მივედი, მაგ დაზღვევის რაღაც საბუთი რომ მოეცათ და ინტერნეტი არ არის, ვერ მოგცემთო, მითხრეს. მეორედაც იგივე პასუხი გამცეს და მერე კი ავდექი და წავედი აფთიაქში და ვიყიდე ის წამლები, რა მექნა, აბა?“

„ნოლი უსაფრთხოებაა. შვიდი წელია აქ ვმუშაობ და მე არ მახსოვს, შიგნით ვინმეს გაეზომოს, ჰაერში ჟანგბადის მოცულობა როგორია“.

„14 წელია აქ ვმუშაობ და მტვერი ვინმეს გაეზომოს, არ დამინახავს“.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ პირობების დაკმაყოფილებაზე საუბარი მაღაროების გახსნის და სამუშაო პროცესის აღდგენის შემდგომ შეიძლება დაიწყოს - მათ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ხელფასების 5%-ით მომატებაზე არიან თანახმა. შეიცვლება თუ არა მათი პოზიცია პროცესში სახელმწიფოს ჩართვის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG