Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას გეგმავს


ფოტო აქივიდან: მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე
ფოტო აქივიდან: მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თითქმის ორი წელია პატიმრობაშია, ამბობს, რომ აპირებს აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში. ამის შესახებ მან "ფეისბუკში" დაწერა.

"მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოვოთ მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით. დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“ სადაც ფიზიკურად შევძლებ", - წერია სააკაშვილის სახელით გამოქვეყნებულ პოსტში.

თითქმის ერთი წლის წინ, 2022 წლის ივლისის თვის ბოლო რიცხვებში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა თქვეს, რომ ის ქართული პოლიტიკიდან მიდიოდა.

"მან თქვა, რომ დღის წესრიგიდან გამომდინარე, იმდენად საფრთხის მატარებელია მისი მდგომარეობა, რომ ყველანაირი პოლიტიკისგან ითავისუფლებს თავს და მისახედი აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე მას არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს", - ამბობდა ვალერი გელბახიანი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

XS
SM
MD
LG