Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ღვინის მუზეუმი სამუშაო დროის შემცირებას აპროტესტებს


თბილისის ღვინის მუზეუმი
თბილისის ღვინის მუზეუმი

თბილისის ღვინის მუზეუმი სამუშაო საათებისა და დღეების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას მიუღებელს უწოდებს. როგორც მუზეუმის განცხადებაში ვკითხულობთ, თბილისის ისტორიის მუზეუმის დირექტორის, ნინო ჭიპაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის ღვინის მუზეუმს, რომელიც წარმოადგენს კერძო და საჯარო პარტნიორობით შექმნილ უნიკალურ მუზეუმს, სამუშაო საათები უნდა შეუმცირდეს.

„ჭიპაშვილმა გვითხრა, რომ მისი გადაწყვეტილებით, თბილისის ღვინის მუზეუმის სამუშაო საათები უნდა შემცირდეს 20:00-ის ნაცვლად 18:00 საათამდე, ასევე უნდა შემცირდეს სამუშაო დღეები. გადაწყვეტილების მიზეზად იმ შენობის ცენტრალური შესასვლელი დაგვისახელა, რომლის ერთ სართულზეც, ჩვენი სამუზეუმო სივრცეა. საუბარია სიონის ქუჩის 8 ნომერში მდებარე ქარვასლის ისტორიულ შენობაზე, რომლის ორი სართულიც სახელმწიფო საკუთრებას კერძოდ კი „თბილისის ისტორიის მუზეუმს“ წარმოადგენს. ვინაიდან სახელმწიფო მუზეუმი წყვეტს მუშაობას 18:00-ზე ნინო ჭიპაშვილის გადაწყვეტილებით, ჩვენი სამუშაო საათებიც 18:00-მდე უნდა შემცირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში 18:00-ის შემდეგ მოსულ ვიზიტორებს მუზეუმის ცენტრალური შემოსასვლელი კარი დაკეტილი დახვდებათ.

საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელია, ხოლო არგუმენტები აბსურდული. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ემსახურება მუზეუმის დისკრედიტაციას, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ ბიზნესში უხეშ ჩარევას და ხელოვნური მიზეზებით მუზეუმის ფუნქციონირების შეფერხებას", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის ღვინის მუზეუმი აცხადებს, რომ მას დღის განმავლობაში ბევრ ვიზიტორი სტუმრობს. „მათ შორის არიან ტურისტული ჯგუფები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გვაქვს წინასწარი ჯავშნები მთელი სეზონის განმავლობაში. სტუმრების უდიდეს ნაწილი მუზეუმში ვიზიტს დღის მეორე ნახევარში გეგმავს. დღის მეორე ნახევარში გვაქვს მიღებული ჯავშნების უმეტესი რაოდენობაც. ნინო ჭიპაშვილის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უარი უნდა ვუთხრათ ყველა იმ სტუმარს რომელთა მასპინძლობისთვისაც ჩვენი გუნდი მთელი წელი ემზადებოდა", - აცხადებს თბილისის ღვინის მუზეუმი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურის სამინისტრო უხეშად ცდილობს თბილისის ღვინის მუზეუმის საქმიანობაში ჩარევას.

„მიმდინარე წლის მარტის თვიდან კულტურის სამინისტრომ ჩვენთან შეუთანხმებლად ქარვასლას შენობაში შესვლა ფასიანი გახადა. აღნიშნულის შესახებ შევიტყვეთ მხოლოდ იმ მანიშნებელი ბანერიდან, რომელიც შენობის შესასვლელში დაგვხვდა განთავსებული, შედეგად კი თბილისის ღვინის მუზეუმს სტუმრების რაოდენობა შეუმცირდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ჭიპაშვილი იმ კადრებს შორისაა, რომლებიც თეა წულუკიანმა იუსტიციის სისტემიდან წაიყვანა კულტურის სფეროში.

მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიპაშვილი ჯერ ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელად, შემდეგ კი სამინისტროში კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

XS
SM
MD
LG