Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ უნგრეთიდან გაიყვანა სამი ტყვე, რომლებიც ბუდაპეშტს მოსკოვმა გადასცა


ბუდაპეშტი
ბუდაპეშტი

ბუდაპეშტში უკრაინის საელჩომ მოახერხა სამი უკრაინელი სამხედრო ტყვის გაყვანა უნგრეთიდან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეჰ ნიკოლენკომ განაცხადა სამშაბათს.

„უკრაინელი დიპლომატები სამხედრო ტყვეთა მიმართ მოპყრობის საკოორდინაციო შტაბთან და უკრაინის სხვა ორგანოებთან ერთად აგრძელებენ აქტიური ზომების მიღებას რუსეთიდან უნგრეთში გაყვანილი დანარჩენი უკრაინელი დამცველების სახლში დასაბრუნებლად“, - წერს ნიკოლენკო ფეისბუკში.

მანამდე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 8 ივნისს „ეკლესიათა შორის თანამშრომლობის ფარგლებში“ და „უნგრეთის მხარის მოთხოვნით“ უნგრეთში გადაიყვანეს იმ უკრაინელი სამხედრო ტყვეების ჯგუფი, რომლებიც წარმოშობით იმიერკარპატიდან არიან. ეს ინფორმაცია უნგრეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ზოლტ შემიენმა დაადასტურა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა სამშაბათს რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ უკრაინელი სამხედრო ტყვეები უნგრეთში გადაიყვანა, ისინი არ გაათავისუფლეს. იუსოვმა ახსენა, სხვათა შორის, რამდენიმე პატიმრის ნათესავებისგან მიღებული ინფორმაცია. ამ ინფორმაციით, სამხედროები მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, მათთან კონტაქტები და კავშირი შეზღუდული იყო.

უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას ახლა აქვს უნგრეთში გადაყვანილი სამხედრო ტყვეების წინასწარი სია, მაგრამ მას ჯერ ვერ ადასტურებს. „არსებობს იმ ადამიანების სია, რომლებიც უნგრეთმა რუსეთს სთხოვა რამდენიმე თვის წინ - იქ 13 გვარი იყო. არსებობს თერთმეტი პატიმრის სია, რომლებიც, სავარაუდოდ, უნგრეთში გადაიყვანეს“, - თქვა ანდრი იუსოვმა. ზოგადად, მან მთელს სიტუაციას უწოდა „დრამატული დეტექტიური ამბავი საგრძნობი პოლიტიკური ელფერით“ და დასძინა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არ დაადასტურა პატიმრების გადაყვანა, ბუდაპეშტი კი, კიევის მოთხოვნის საპასუხოდ, ოფიციალურ განცხადებამდე უარყოფდა ოპერაციას.

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა გერგეი გუიაშმა 19 ივნისს განაცხადა, რომ თერთმეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე იმიერკარპატიდან, რომლებიც უნგრეთში გადაიყვანეს რუსეთიდან, უნგრეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და ისინი აღარ განიხილებიან სამხედრო ტყვეებად. მათ აქვთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის არჩევა.

უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ბლოკავს უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ცნობილია, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მცირერიცხოვან მეგობართაგანი და მოკავშირე ევროპაში.

კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობა შესამჩნევად გაცივდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მაგრამ მხარეებს მანამდეც მნიშვნელოვანი უთანხმოებები ჰქონდათ. ბუდაპეშტმა კიევი დაადანაშაულა დასავლეთ უკრაინაში უნგრელი ეთნიკური უმცირესობის ჩაგვრაში. უკრაინის ხელისუფლება ვიქტორ ორბანის მთავრობას იმიერკარპატში პასპორტების დარიგებასა და კრემლთან მჭიდრო თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG