Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო ხელისუფლებამ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან ე.წ. საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია მოითხოვა


ფოტო არქივიდან: ქალაქ ცხინვალის ხედი
ფოტო არქივიდან: ქალაქ ცხინვალის ხედი

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გამართვა 11-12 ივლისსაა დაგეგმილი. მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა უკვე გამართეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში, 27 ივნისს კი ცხინვალს ეწვივნენ.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ე.წ. სახელმწიფო მრჩეველმა კონსტანტინე კოჩიევმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საჭიროა „დღის წესრიგში დადგეს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხები“.

„ეს იქნება ძალიან დიდი წვლილი კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. როგორც ვიცით, სწორედ საზღვარზე იქმნება პრობლემური სიტუაციები, რომლებიც გარკვეული ესკალაციის რისკს შეიცავს“, - განაცხადა კოჩიევმა, თუმცა მან იქვე განმარტა, რომ აპრილის შემდეგ გამყოფ ხაზთან ვითარება სტაბილურია.

დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „რესის" ცნობით, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან ტოივო კლაარმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები იქნება პროდუქტიული და კონსტრუქციული. მან აღნიშნა, რომ სასარგებლო იქნება დისკუსიის ყველა მონაწილემ გამოიჩინოს მოქნილობა, ერთმანეთის მოსმენის სურვილი.

„სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი შედეგების მიღწევა, დიდი ალბათობით, ვერ იქნება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რაუნდი ჩატარდეს, რათა ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ დღევანდელი მდგომარეობა და მოვუსმინოთ ერთმანეთს“, - განაცხადა ტოივო კლაარმა.

მასთან შეხვედრისას დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს მხრიდან იურიდიულად სავალდებულო, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა, რასთან დაკავშირებითაც ევროკავშირის დიპლომატმა განაცხადა:
„ის, რომ ჩვენ ჟენევაში მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით, ძალის გამოუყენებლობის ერთგულების მთავარი მაჩვენებელია“.

ამ საკითხზე თბილისის პოზიცია დიდი ხანია ცნობილია - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ასეთ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას არ აპირებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს რეგიონები რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებია და მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან განიხილავენ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობას. არც ე.წ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხის განხილვა მოხდება, რადგან საქართველო ე.წ საზღვარს საოკუპაციო გამყოფ ხაზად მიიჩნევს.

დღესვე ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ახალგორის რაიონში ადგილზე ვითარების გასაცნობად გაემგზავრნენ.

XS
SM
MD
LG