Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ თავის ხარისხში აღადგინა რუსეთის წმინდა სინოდის მიერ დასჯილი რუსი მღვდელი


კონსტანტინოპოლის (მსოფლიოს) მართლმადიდებელმა პატრიარქმა ბართლომემ ომისთვის პასუხისმგებლობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაც დააკისრა.
კონსტანტინოპოლის (მსოფლიოს) მართლმადიდებელმა პატრიარქმა ბართლომემ ომისთვის პასუხისმგებლობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაც დააკისრა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ თავის ხარისხში აღადგინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვარი იოანე კოვალი, რომელიც ლოცვებში უფალს შესთხოვდა არა რუსეთის ჯარების გამარჯვებას, არამედ - მშვიდობას. ამისთვის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობამ კოვალს სასულიერო წოდება ჩამოართვა. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ კი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია, ანუ ჩათვალა, რომ იგი მიღებული იყო არა საეკლესიო ნორმებით, არამედ - პოლიტიკური მოტივებით.

მოსკოვის ეპარქიის სპეციალური სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა ვლადისლავ ციპინმა გამოცემა „პრავმირს“ დაუდასტურა, რომ კოვალის განტევების მიზეზი სწორედ ლოცვის სიტყვებში შეტანილი ცვლილება გახდა. ციპინის თქმით, მღვდელმა საეკლესიო ხელმძღვანელობის განაწესის დარღვევით „ფიცის გატეხის“ დანაშაული ჩაიდინა.

მღვდელი იოან კოვალი მოსკოვის ლიუბლინოს რაიონში მდებარე ანდრეი პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. „წმინდა რუსეთის“ შესახებ ლოცვაში მან სიტყვა „გამარჯვება“ შეცვალა სიტყვა „მშვიდობით“, რაც მისი დასჯის მიზეზი გახდა.

როგორც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბრძანებაშია მითითებული, მამა იოანე მიღებული იქნება კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ომოფორის (იურისდიქციის) ქვეშ.

უფრო ადრე, მარტის ბოლოს, კონსტანტინოპოლის (მსოფლიო) მართლმადიდებელმა პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობა რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად იყოფს პასუხისმგებლობას უკრაინაში შესაძლო დანაშაულებისთვის.

პატრიარქის აზრით, რუსეთის ხელისუფლება „ეკლესიას იყენებს იარაღად საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“. ამასთან, ბართლომემ აღნიშნა, რომ მზად არის, მონაწილეობა მიიღოს, მისი თქმით, ომის შემდეგ რუსეთის სულიერ აღორძინებაში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავის ქადაგებებში და გამოსვლებში არაერთხელ უთქვამს, რომ „რუსეთი არასოდეს არავის არ დასხმია თავს“ და კონფლიქტის გაჩაღებაში დასავლეთის ქვეყნებსა და გარკვეულ ანტისაეკლესიო ძალებს სდებდა ბრალს. ის ასევე ამბობდა, რომ რუსეთის სამხედროები უკრაინაში ქვეყანას იცავენ. კირილე დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ადრესატთა სიაში შედის.

XS
SM
MD
LG