Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია... ბევრია კიდევ საცემი" - ინჯია ცილისწამებაზე კანონს ითხოვს


ფრიდონ ინჯია, დეპუტატი
ფრიდონ ინჯია, დეპუტატი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია "ცილისწამებისა და შეურაცხყოფის" შესახებ კანონის მიღებას ითხოვს და "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას სთხოვს.

პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ კითხვის დასმისას მან ღარიბაშვილს ჩამოუთვალა ბოლო პერიოდში მომხდარი ცემისა და ძალადობის ფაქტები და დაამატა, რომ "კიდევ ბევრია საცემი". მისივე თქმით, სია გაიზრდება, თუ კანონი არ შეიცვლება.

"ბოლო პერიოდში იცემა [მიშა] მშვილდაძე, [ლევან] ბერძენიშვილი, [ზურაბ] ჯაფარიძე, [ბათუ] ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი. და მიზეზი რა არის ბატონო პრემიერ-მინისტრო?! მე ვფიქრობ, ეს არის ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არმიღება.

აი, თუ იქნება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას და ცილისწამებას აკრძალავს, გინდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება ეს სია შემცირდეს და საერთოდ არ იყოს. ეს კიდევ ეხება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს - აკრძალვა კი არ არის, აქ არის შეზღუდვა იმ ტერიტორიების და ლოკაციების, სადაც პროპაგანდა ამის თაობაზე არ უნდა იყოს...

ასეთი კანონები მზად გვაქვს ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს, მაგრამ თუ „ოცნება“, თქვენ და თქვენი გუნდი მხარს არ დაუჭერს, ამას აზრი არ აქვს", - თქვა მან.

საგაზაფხულო სესიის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა. პარალელურად, პარლამენტთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია "შეაწუხე ირაკლი" და შენობის შესასვლელთან პოლიციის კორდონია გაკეთებული.

დეპუტატმა ინჯიამ საკანონმდებლო ინიციატივაზე მაისის დასაწყისში ისაუბრა. მაშინ მან თქვა, რომ აპირებს კანონპროექტად დაარეგისტრიროს ის მოთხოვნები, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე "უცნობის" აქციაზე გაჟღერდა.

"ჩამოვწერე ის მოთხოვნები, რომელიც იქ გაჟღერდა და ჩავთვალე წამეკითხა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ წაიკითხოს", - თქვა დეპუტატმა ინჯიამ და „უცნობის“ აქციის მოთხოვნები პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩამოთვალა:

  • რევოლუციის თავიდან ასაცილებლად, პოლარიზაციისა და კრიზისის შემთხვევაში, პლებისციტის ჩატარება;
  • 2004-2012 წლებში "ნაციონალური მოძრაობის" "დიქტატორული რეჟიმის" პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება;
  • სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება;
  • ევროკავშირის და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემა და საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის აკრძალვის კატეგორიულად მოთხოვნა (ამ კონტექსტში ახსენა აშშ-ის ელჩი);
  • სკოლებში დაინერგოს ფუნდამენტური განათლება;
  • დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდეს;
  • "ლგბტ პროპაგანდა" კანონით აიკრძალოს.

XS
SM
MD
LG