Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიგლობალიზმი მარცხნიდან


რას ვუყუროთ? - უფროსები ოთახში (2019)
რას ვუყუროთ? - უფროსები ოთახში (2019)

„უფროსები ოთახში“ (2019, საფრანგეთი-საბერძნეთი, რეჟისორი კოსტა გავრასი, “Adults in the room”)

თანამედროვე კინოს კლასიკოსის, 90 წლის კოსტა გავრასის ფილმის პრემიერა 2019 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა. სურათი არ ჩართეს საკონკურსო პროგრამაში, მაგრამ რეჟისორი დააჯილდოვეს საპატიო „ოქროს ლომით“ კინოში გაწეული ღვაწლისთვის. ასე რომ, კოსტა გავრასი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ავტორი გახდა კინოს ისტორიაში - სხვადასხვა დროს მას მოგებული აქვს კანის „ოქროს პალმა“ (ფილმისთვის „უგზო-უკვლოდ დაკარგული“), „ოსკარი“ (ამავე სურათისთვის), ბერლინის ფესტივალის „ოქროს დათვი“ ( ფილმისთვის „მუსიკალური ზარდახშა“)... მოგებული აქვს არსებითად ყველა პრემია, რომელსაც „ოქროს ლომი“ დაემატა. თუმცა პრემიის მინიჭებისა და ვენეციის ფესტივალზე გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ „უფროსები ოთახში“ კინოთეატრებში გავიდოდა, საფრანგეთში მცხოვრებ, წარმოშობით ბერძენ რეჟისორს (კოსტა გავრასის მშობლები 50-იან წლებში გადასახლდნენ პარიზში) მაგრად მოხვდა პირველ რიგში ბერძენი მემარჯვენეებისგან 2015 წლის დასაწყისში, საბერძნეთში მომხდარი ამბების „ტენდენციური გაშუქების“ გამო. როგორც ჩანს, ეს თემა იმდენად მტკივნეულია ბერძნებისთვის, რომ კოსტა გავრასის სურათის შესახებ აზრის გამოთქმა უამრავმა პოლიტიკოსმა მოინდომა ათენში, თუმცა, ვიმეორებ, ფილმის პრემიერა ჯერ აგვიანებდა.

ცხადია, აქ რეჟისორის სახელმა იმოქმედა. კოსტა გავრასი ყოველთვის მწვავე პოლიტიკურ ფილმებს იღებდა. თუმცა საინტერესოა, რომ არასდროს ჰქონია სურვილი, ემუშავა საბერძნეთში. მემარჯვენეებს, კონსერვატორებს მისი ფილმები არ მოსწონდათ, „კომუნისტად“ ნათლავდნენ. ერთი პერიოდი საბჭოთა იდეოლოგების საყვარელი ავტორი გახდა - კოსტა გავრასის ადრეული სურათი „ერთი ადამიანი ზედმეტია“, საბჭოთა გაქირავებისთვის შეისყიდეს, გაახმოვანეს, როგორც ვიცი, ჩვენი მარქსისტ-ლენინელები ლექციების ციკლსაც გეგმავდნენ ამ ფილმის ჩვენებით, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ გავრასმა დაასრულა მუშაობა სურათზე „აღიარება“, თავის, შესაძლებელია, საუკეთესო ფილმზე, რომელიც პირდაპირ, როგორც მას ახასიათებს, მკვეთრად, „ტლანქად“ დაგმო საბჭოთა ტანკების შესვლა პრაღაში. ამის მერე მისი სახელი აიკრძალა. კოსტა გავრასი იმდენად შესძულდათ კრემლში, რომ სურათი „უგზო-უკვლოდ დაკარგული“, რომელშიც ავტორი ასევე შეულამაზებლად, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ასახავს პინოჩეტის დიქტატურას, ჩვენს კინოთეატრებში უჩვენეს მხოლოდ მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში „პერესტროიკა“ დაიწყო.

რამდენადაც კინოს კლასიკოსი თავის მოქალაქეობრივ პოზიციას ყველა ფილმში მკაფიოდ და პრინციპულად ცალსახად გამოხატავს, მისი ფილმების მიმართ აკვიატებებიც ბევრს აქვს. ვინც მისი შემოქმედება იცის, თითქოს წინასწარ ხვდება, როგორი იქნება კოსტა გავრასის პოლიტიკური პოზიცია ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. რაც შეეხება მხატვრულ გადაწყვეტას და სტილს, ფრანგი რეჟისორი (ვუწოდოთ მას მაინც ფრანგი, რადგან კოსტა გავრასი პირველ რიგში ფრანგული კულტურის ნაწილია) არც აქ იცვლება - რეპორტაჟულობა, კვაზიდოკუმენტური ესთეტიკა მასთან იშვიათად ექვემდებარება განსაკუთრებულ მხატვრულ განზოგადებებს. კოსტა გავრასს უყვარს კონკრეტულობა, მათ შორის, კონკრეტული ისტორიული მოვლენის აღდგენა და მისი კვლევა მაყურებელთან ერთად.

როგორც კი გაირკვა, რომ რეჟისორი აპირებს საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ეკონომისტ იანის ვარუფაკისის წიგნის ეკრანიზაციას, კოსტა გავრასის ისტორიულ სამშობლოში მაშინვე გადაწყვიტეს, რომ ფილმი იქნება შიშველი პუბლიცისტიკა, ევროკავშირის, ევროპის ფინანსური ორგანიზაციების, ევროკომისიის გამათრახება თავად კოსტა გავრასის თქმით, „უკანასკნელი რომანტიკოსის“, იანის ვარუფაკისის პოლიტიკური და ისტორიული რეაბილიტაციისთვის. გარკვეული თვალსაზრისით ასეც მოხდა, კოსტა გავრასი არც 2015 წელს მალავდა თავის სიმპათიებს ვარუფაკისის მიმართ, განსაკუთრებით 2015 წლის ივლისის შემდეგ, როცა ვარუფაკისს განხეთქილება მოუვიდა თავის ყოფილ თანამებრძოლთან, პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან და თანამდებობა დატოვა.

მაგრამ „უფროსები ოთახში“ კინოთეატრებში გამოვიდა და აღმოჩნდა, რომ კოსტა გავრასი არავისთვის აპირებს ძეგლის დადგმას - უხუცესი კინოკლასიკოსი ისეთივე ირონიულია, ისეთივე შეურიგებელი ისტორიული უსამართლობის მიმართ, როგორც ადრინდელ ფილმებში, თუმცა უფრო სევდიანი და, ცოტა არ იყოს, გულგატეხილიც. ყველას გვახსოვს ის ეიფორია, რომელიც 2015 წლის დასაწყისში საბერძნეთის რადიკალური მემარცხენე პარტიის, „სირიზას“ არჩევნებში გამარჯვებას მოჰყვა. ევროპაში ახალი ერა იწყებაო, გვარწმუნებდა ზოგი (მათ შორის საქართველოში), ამტკიცებდნენ, რომ „სირიზას“ ტრიუმფი სხვა ქვეყნებსაც მოედებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ამ „ახალი ერის“ მოლოდინი კოსტა გავრასსაც ჰქონდა, ის არ მალავს სიმპათიებს თავისი პერსონაჟის მიმართ, მეტიც, კოსტა გავრასის სტილი, მაყურებელთან ურთიერთობის მისი მანერა, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა (კოსტა გავრასი 1968 წლის მაისის მოვლენების აქტიური მონაწილეა), ჰგავს თავად ვარუფაკისის, როგორც პოლიტიკოსის და როგორც ორატორის სტილს. მისი სარკაზმი მუდმივად აღიზიანებდათ ოპონენტებს, პირველ რიგში ევროკომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკის ჩინოვნიკებს. და უფრო ბობოლებსაც, ევროპის მდიდარი ქვეყნების პირველი პირების სახით. თუმცა ოპონენტებიც კი აღიარებდნენ, რომ საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი შესანიშნავი ორატორია და ქარიზმა, პუბლიკის მონუსხვის განსაკუთრებული უნარი აქვს. სარკაზმი მისი თავდაცვის იარაღია მაშინ, როცა ევროპის მთავარი ფინანსისტები ებრძვიან - ზოგიერთი მათგანი პირდაპირ არ ამბობს პოლიტკორექტულობის გამო, თუმცა თავისი ქმედებით „იყიდება“, სჯერა, რომ ბერძნები „ჩამორჩენილი ხალხია“, „ზარმაცები“... მათ ისევ მშრომელი გერმანელების თუ ფრანგების ხარჯზე სურთ ცხოვრება. კოსტა გავრასის ფილმში ბერძენი ეკონომისტი ფაქტობრივად ერთია ყველას წინააღმდეგ, კრავია მგლების ხროვაში. რატომ უნდა ჰქონოდა ხალხს იმედი, რომ ვარუფაკისი მოიგებდა ომს? საიდან გაჩნდა ეს ილუზიები?

გულდაწყვეტილი კოსტა გავრასი კითხვის ნიშანს სვამს. თუმცა 2019 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა ვენეციაში მისი ფილმის პრემიერა გაიმართა, მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა. ვარუფაკისის სამშობლოში, მემარცხენეების პოპულარობამ ნელ-ნელა იკლო. გასულ კვირას, საბერძნეთში დასრულებულ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორებმა დიდი უმრავლესობით გაიმარჯვეს. ვარუფაკისის პარტია „დაუმორჩილებლობის ევროპული რეალისტური ფრონტი“ და თავად მისი თავმჯდომარე პარლამენტს გარეთ დარჩა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG