Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის პრეზიდენტი გამოდის მოწოდებით უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში მიღებისკენ


ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი
ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 3 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია გაფართოების საკითხზე რაც შეიძლება სწრაფად მუშაობა იმისთვის, რომ კავშირში გაწევრიანდნენ უკრაინა და მოლდოვა და თავიდან აირიდონ რუსეთის ან ჩინეთის გავლენის სფეროებში მოხვედრა.

მადრიდში გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ბლოკმა ოთხი წლის პერსპექტივაში უნდა გაიხედოს წინ და წარმოიდგინოს, როგორი იქნება კავშირი ამ დროს.

"შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ევროკავშირი უკრაინის გარეშე, მოლდოვის გარეშე, დასავლეთ ბალკანეთის გარეშე? და ევროპის ეს ნაწილები რუსეთის ან ჩინეთის გავლენის ქვეშ? შეუძლებელია", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

"სვლის გზა მკაფიოა. და ამდენად, ახლა იმაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი, როგორ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ევროპა მთლიანი იყოს, რომ ეს ქვეყნები ევროპის კავშირის ნაწილი იყვნენ", - დასძინა მან.

ფონ დერ ლაიენი ამ განცხადებებით გამოვიდა მადრიდში, ევროკავშირის წარმომადგენლების და ესპანეთის მთავრობის შეხვედრის შემდეგ, რომელზეც განიხილეს ესპანეთის ექვსთვიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის როლში.

ფონ დერ ლაიენის თქმით, გაფართოების საკითხს ყურადღება "რაც შეიძლება მალე უნდა მიექცეს, რადგან ჩვენ დრო დაგვჭირდება [პროცესის] დასასრულებლად".

შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო უკრაინის მხარდაჭერა იქ შეჭრილ რუსეთთან ომში. ეს თემა პრიორიტეტული იქნება ესპანეთის თავმჯდომარეობის პერიოდშიც.

"უნდა გავაორმაგოთ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა. უკვე თითქმის 500 დღეა გრძელდება რუსეთის სასტიკი შეჭრა", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

XS
SM
MD
LG