Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია 5-6 ივლისის მოვლენებზე: ამ დრომდე სათანადოდ არაა გამოძიებული შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი


"ღირსების მარშის" მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ორგანიზაცია "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ. 5 ივლისი, 2021 წელი
"ღირსების მარშის" მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ორგანიზაცია "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ. 5 ივლისი, 2021 წელი

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"(საია) 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან ორ წლისთავზე წერს, რომ ამ დრომდე სათანადოდ არაა გამოძიებული შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, უწყებას არ აქვს სათანადო ნებელობა, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები.

"მართალია, გამოძიება, მათ შორის, მიმდინარეობს ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ, თუმცა, მისი მიმდინარეობა კონკრეტული პირების მიმართ ბრალის წარუდგენლობისა და გამოძიების ფოკუსიდან გამომდინარე, არ არის ყოველმხრივი, ობიექტური და სათანადოდ ეფექტიანი.

საია მიიჩნევს, რომ დაზარალებულებს ხელოვნურად შეეზღუდათ წვდომა გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებზე ორგანიზატორების, ხელმძღვანელების ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირების ნაწილში", - წერია განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, საერთოდ რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 5 ივლისს ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები.

საია ასევე წერს, რომ, მათი ინფორმაციით, შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ეპიზოდთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან გასულია ორი წელი:

"ეს, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ გამოძიებას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები ამ დრომდე არ აქვს. ამ პერიოდში გარდაცვლილის ოჯახი კვლავ გამოძიების შედეგების მოლოდინშია".

გასულ წელს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებული მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფი) სახელით საჩივარი გაგზავნა. მომჩივნები დავობენ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე.

2021 წლის 5 ივლისიდან ერთი წლის განმავლობაში პოლიციამ 50-ზე მეტი ადამიანის ცემისთვის და ორი ორგანიზაციის ოფისების დარბევისთვის 31 ადამიანი დააკავა. მათ უმეტესობას მინიმალური სასჯელი შეეფარდა, ნაწილი უკვე თავისუფალია.

ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.

თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, 2021 წლის 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

XS
SM
MD
LG