Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, ვილნიუსის სამიტზე უკრაინისთვის და საქართველოსთვის ძალაში დარჩა სტატუს-კვო


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ NATO-ს 2-დღიან სამიტს გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. „პირველი არხთან" ინტერვიუში კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის საკითხზე შენარჩუნდა სტატუს-კვო, რაც, მისი შეფასებით, რუსეთის მიმართ NATO-ს პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.

მიუხედავად იმისა, რომ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, NATO-ში გასაწევრიანებლად უკრაინას აღარ დასჭირდება MAP-ი, რომლის მიღებაც აუცილებელია წევრობის მსურველთათვის, კობახიძე აცხადებს, რომ კომუნიკეში უკრაინის შესახებ, საქართველოსთან შედარებით, მეტი ტექსტია, თუმცა ხარისხობრივად განსხვავება არ არის.

„შვედეთის და ფინეთის მიმართ, რა თქმა უნდა, მოცემულობა არის განსხვავებული. ჩვენ უფრო მეტად გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, უკრაინის გარშემო არსებული ვითარება და პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებული ვითარება. ამ კუთხით რეალურად ძალაში დარჩა სტატუს-კვო, ორივე ქვეყანასთან მიმართებით.

რაოდენობრივად ტექსტი მეტია მოცემული უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ხარისხობრივად, რეალურად, არანაირი განსხვავება არ არის. შენარჩუნდა სტატუს-კვო, რაც არის, შეიძლება, ასე დავარქვათ, რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, მით უმეტეს, კონკრეტული ჩანაწერები არის მოცემული ამ კომუნიკეში - რუსეთთან დაკავშირებით, პირდაპირ წერია, მაგალითად, NATO არ ეძებს კონფრონტაციას. რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობები ვერ ექნება ომის შემდეგ, მაგრამ კონფრონტაციასაც არ ეძებს და ა.შ. ეს არის რეალური მოცემულობა.

რაც შეეხება საქართველოს შესახებ ჩანაწერს, ძალაში დარჩა ის მოცემულობა, რომელიც ჩაიდო თავის დროზე ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში, რომ საქართველო სამომავლოდ აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი. გაურკვეველია, რა თქმა უნდა, დეტალები, როდის? როგორ? და ა.შ. იგივე ეხება, რეალურად, უკრაინასაც", - თქვა კობახიძემ.

წამყვანის შენიშვნას - „უკრაინის შემთხვევაში აღარ არის მოხსენიებული აუცილებლობად MAP-ი. ნათქვამია, რომ თითქოს უკრაინამ უკვე გადააბიჯა ეტაპს, როდესაც მას სჭირდება MAP-ის მინიჭება..." - კობახიძემ უპასუხა: „თუმცა ლაპარაკია, რომ პირობები უნდა დააკმაყოფილოს და 32 ქვეყანა უნდა შეთანხმდეს იმასთან დაკავშირებით, რომ სურთ მოიწვიონ უკრაინა NATO-ს წევრად". მისი თქმით, ყველაფერი ისევ აბსტრაქტულად არის ჩამოყალიბებული. „დღესაც არავინ იცის, როდის და როგორ გახდება უკრაინა NATO-ს წევრი. ანალოგიური ვითარებაა საქართველოსთან მიმართებაშიც“, - აღნიშნა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა სარისკოა.

„დიდი ხნის განმავლობაში ამ მდგომარეობაში ყოფნა არის სარისკო. თავის დროზე მიღებული რომ ყოფილიყო გადაწყვეტილება, თუნდაც 2008 წელს, 2011 წელს საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით (რაც შესაძლებელი იყო, თავისუფლად შეიძლებოდა ტექნიკურადაც და პოლიტიკურადაც უკრაინის და საქართველოს გაწევრიანება NATO-ში, თავისი დათქმებით. იგივე კვიპროსის მაგალითზე, ეს ხომ მიღებული პრაქტიკაა), დღეს ხომ უკრაინაში ეს ომი არ მოხდებოდა", - აღნიშნა მან. კობახიძემ დაამატა: „დიდი ხნის განმავლობაში ამ მდგომარეობის დატოვება, როცა არც აქეთ ხარ და არც იქით, არ არის უბრალოდ მიზანშეწონილი. როდესაც არც NATO-ს წევრი ხარ და ხარ მუდმივად კარში ჩამდგარი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სარისკოა ეს ვითარება".

სამუშაო დოკუმენტის თანახმად, რომელსაც რადიო თავისუფლება გამოქვეყნებამდე გაეცნო, ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, NATO-ს კარი საქართველოსთვის ღია დარჩება, თუმცა „საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო პროგრამით (MAP), რაც პროცესის თანმიმდევრული ნაწილია”. MAP-ის მისაღებად საქართველოს კვლავ რეფორმებს სთხოვენ.

NATO-ში გასაწევრიანებლად უკრაინას აღარ დასჭირდება MAP-ი, რომლის მიღებაც აუცილებელია წევრობის მსურველთათვის.

2008 წელს საქართველომაც და უკრაინამაც მიიღეს დაპირება, რომ NATO-ს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ მიიღეს MAP-ი.

უკრაინა „მიიღებს მოწვევას NATO-ში მაშინ, როდესაც წევრები შეთანხმდებიან და უკრაინა პირობებს შეასრულებს”, - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

რა პირობებს გულისხმობს?

ერთი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზება და მმართველობის განმტკიცებაა, კორუფციასთან ბრძოლის ჩათვლით.

მეორე კი ომის დასრულებაა - „სანამ არ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს, სანამ ის არ გადარჩება, [მისი] წევრობის საკითხი არ განიხილება”.

XS
SM
MD
LG