NATO-ს უახლესი წევრის, ფინეთის, დედაქალაქ ჰელსინკიში ვიზიტისას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ფინეთს ნატოსთვის "საოცარი შენაძენი" უწოდა და თქვა, რომ პუტინმა უკრაინაში "ომი უკვე წააგო".
"პუტინმა ომი უკვე წააგო. არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მან უკრაინაში ომი მოიგოს", - თქვა ბაიდენმა. ამავე პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ უკრაინა "NATO-ს შეუერთდება" და პუტინი საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ ომის გაგრძელება რუსეთის ინტერესებში არ შედის.
პრესკონფერენციის დროს ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება ალიანსისადმი და თქვა, რომ ამერიკა დაიცავს NATO-ს თითოეულ ინჩს, მათ შორის ფინეთს.
"აშშ ფინეთის ერთგულია, აშშ NATO-ს ერთგულია და ეს ერთგულება ქვასავით მყარია", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. ბაიდენმა ილაპარაკა თავად NATO-ს სიმტკიცეზეც და აღნიშნა, რომ ალიანსი ისეთი ერთიანია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, როგორც არასოდეს მანამდე.
"ნატოს კარგად ესმის, რომ ეს ბრძოლა არ არის ბრძოლა მხოლოდ უკრაინის მომავლისთვის", - თქვა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენმა კომენტარი გააკეთა the Wall Street Journal-ის რეპორტიორზეც, რომელიც უკვე ას დღეზე მეტია რუსეთის ციხეში ზის და თქვა, რომ ჟურნალისტის დასახსნელად პატიმართა გაცვლას სერიოზულად განიხილავს.
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფინეთს ეწვია ვილნიუსში 11-12 ივლისს გამართული NATO-ს სამიტის შემდეგ და რუსეთის მოსაზღვრე სკანდინავიურ ქვეყანას ალიანსში გაწევრიანება მიულოცა.