Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე ვეძიებ პარტნიორებს. ბევრი პარტნიორი გვყავს, ვისაც აინტერესებს კინო და არა პოლიტიკა - კულტურის მინისტრი კინოცენტრის პროტესტზე


კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ტვ იმედის" ეთერში კინოცენტრთან დაკავშირებულ პროტესტზე უპასუხა კითხვებს. მან თქვა, რომ რეორგანიზაცია, რომელსაც კინოს სექტორის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა, თითქმის უკვე დასრულებულია და მისთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს პროტესტი.

„დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთ პროტესტანტს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან, მიუმართავს სასამართლოსთვის და უთხოვია რეორგანიზაციის შეჩერება და 10 ივლისს სასამართლოს მისთვის უთქვამს უარი. ეს გახლავთ ქალბატონი კუხალაშვილი, რომელიც მაინცდამაინც სანაქებო მეთოდებით არ მართავდა ხოლმე ამ კინოცენტრს და მრავალი წლის განმავლობაში ეს ასე გრძელდებოდა", - თქვა თეა წულუკიანმა კინოცენტრიდან გათავისუფლებულ ნინო კუხალაშვილზე, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა წლების განმავლობაში. კუხალაშვილის გარდა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კინოცენტრიდან რეორგანიზაციისას გათავისუფლდა, სულ მცირე, 6 ადამიანი. მათი ნაწილი აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო აქციებში.

თეა წულუკიანმა "შეცდომა" უწოდა იმას, რომ კინოცენტრის რეორგანიზაციის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა დღის წესრიგში და თქვა, რომ მის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად ცენტრი იქცევა უფრო "მოქნილ ინსტრუმენტად" კინომწარმოებლებისთვის. მინისტრს არ განუმარტავს, როგორ აპირებს ამ მიზნის მიღწევას და არც ის უთქვამს, რა შედეგით დასრულდა რეორგანიზაცია. წულუკიანმა მხოლოდ ის თქვა, რომ კინოცენტრის გარდაქმნის პროცესში განახლდება შეხვედრები კინოხელოვანებთან.

"პირველი შეხვედრა მე უკვე მქონდა, მეორე შეხვედრა გვექნება მათთან, ვინც პირველი შეხვედრის შემდეგ, 12 თუ 13 ხელოვანია ასეთი, წარმოადგინა თავისი ხედვა კინოცენტრთან დაკავშირებით. ასეთი შეხვედრები გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ კინოცენტრი გადაიქცევა სასარგებლო ინსტრუმენტად კინოხელოვანთა ხელში, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ უკეთესი ხელშეწყობა. უბრალოდ, ამისათვის საჭიროა საქმიანი თანამშრომლობა, კონსტრუქციული რეჟიმი და არა ლანძღვა-გინების რეჟიმი“, - თქვა თეა წულუკიანმა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, საპროტესტო აქციების ფონზე თუ არსებობს რეორგანიზაციით უკმაყოფილო ადამიანებთან კონსენსუსის მიღწევის სივრცე. თეა წულუკიანმა ამაზე უპასუხა, რომ ის კონსენსუსს არც საჭიროებს.

"მე არ ვეძიებ კონსენსუსს, მე ვეძიებ პარტნიორობას და ასეთი პარტნიორები ძალიან ბევრი გვყავს, ვისაც აინტერესებს კინო და არა პოლიტიკა. ჩვენ სისტემაში პოლიტიკა, როგორც პროფესია, მინისტრის და მისი მოადგილეების გარდა, არავისი საქმე არ არის", - თქვა თეა წულუკიანმა და დაამატა, რომ კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოთხოვნით აქციებში მონაწილე ადამიანები "მთლიანობაში უმცირესობას" წარმოადგენენ. მინისტრმა უკმაყოფილო ხელოვანები ნეპოტიზმით სარგებლობაშიც დაადანაშაულა.

"კინოს დარგში კინოცენტრის მეშვეობით ეფექტურად ვერ ვუწყობთ ხელს ყველა იმას, ვინც ხელშეწყობას საჭიროებს მრავალი წელია. ზოგი იღებს, მაგრამ ნაკლებს, ვიდრე უნდა იღებდეს. მეფობს ნეპოტიზმი, მეფობს გაუმჭვირვალე საკონკურსო პროცედურები. არაერთი პროტესტანტი ამ სისტემის ბენეფიციარია და არაერთ მათგანს მოუთბია ხელი ამ ნეპოტიზმით და მიუღიათ ის დაფინანსება, რაც სხვას წაართვეს", - თქვა თეა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კინემატოგრაფისტებმა ღია წერილით მოითხოვეს ქართული ფილმწარმოებისთვის გამოყოფილი მწირი ბიუჯეტის გაზრდა. მინისტრს ეს თხოვნა ამ დრომდე რეაგირების გარეშე აქვს დატოვებული. კინოს სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილების ნაცვლად სამინისტრომ კინოცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა, რასაც ამ სფეროს წარმომადგენლები თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG