Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგურამოს კანალიზაციის ახალი სისტემა ექნება - მაგრამ ჯერ მხოლოდ საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს


საგურამოში კანალიზაციის დაზიანებული მაგისტრალი დაჭაობებული ტბორის ქვეშ არის მოქცეული
საგურამოში კანალიზაციის დაზიანებული მაგისტრალი დაჭაობებული ტბორის ქვეშ არის მოქცეული

სახელმწიფო 2020 წლიდან გეგმავს საგურამოში ახალი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გაყვანას. თუმცა ჯერჯერობით საპროექტო სამუშაოებიც კი არ არის დასრულებული.

საგურამოს გზაზე დაზიანებული კანალიზაციის მაგისტრალი დროთა განმავლობაში გაჩენილი, დაჭაობებული ტბორის ქვეშაა მოქცეული, რის გამოც ათეულობით მეტრის რადიუსში დგას უსიამოვნო სუნი, წვიმისას ტბორი დიდდება და საავტომობილო გზაზე გადმოდის.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპანია ამჟამად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებით არ ემსახურება და, შესაბამისად, არ გააჩნია კომუნიკაციები. საბჭოთა პერიოდში გაყვანილი მილი მცხეთის მერიას ეკუთვნის.

მცხეთის მერიაში ამბობენ, რომ საკანალიზაციო მაგისტრალის 300-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი 200 000 ლარად უკვე შესყიდულია, თუმცა სანამ წყლის დონე არ დაიწევს, ტექნიკა სამუშაო ადგილს ვერ მიუახლოვდება.

პარალელურად, სახელმწიფო გეგმავს საგურამოში კანალიზაციის (წყალარინების) ახალი სისტემის მოწყობასა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას.

ამ მიზნით სახელმწიფო კომპანიამ, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო საპროექტო სამუშაოები.

„კანალიზაციის ტბა“ საგურამოში
„კანალიზაციის ტბა“ საგურამოში

მხოლოდ საპროექტო სამუშაოები 850 000 ლარი ჯდება. აუქციონის გარეშე ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა „ამხანაგობა GMP-მ“. ხელშეკრულების ვადად 2023 წლის 1 ოქტომბერი განისაზღვრა.

საპროექტო კვლევაში წყალმომარაგების კომპანია წერდა, რომ „სოფელ ცხვარიჭამიიდან სათავეს იღებს კანალიზაციის კოლექტორი და მიუყვება საგურამოს მთავარ გზას, რომელიც გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდინარე არაგვში“.

კვლევის თანახმადვე, სოფელში, 2020 წლის მონაცემებით მონაცემებით, 1100-მდე კომლი ცხოვრობს, „თუმცა სოფელი დღითიდღე ფართოვდება და იზრდება განაშენიანების ზონა“.

სისტემა რომ გასამართია, ამას კომპანია ჯერ კიდევ 2020 წელს წერდა: „სოფელ საგურამოს წყალარინების ქსელის 1-კილომეტრიანი მონაკვეთი შეცვლილია, ხოლო დანარჩენი ნაწილი სრულიად ამორტიზებულია და საჭიროებს რეაბილიტაციას“.

საპროექტო დავალებაში კომპანია უთითებდა, რომ საგურამოს წყალმომარაგება-წყალარინების სისტემები და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა უნდა დაპროექტდეს ისე, რომ „სამომავლო პერსპექტივაში, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული იქნას საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სხვა სოფლების აღნიშნულ სისტემებზე დაერთება“.

რადიო თავისუფლებამ ამ საკითხზე წყალმომარაგების კომპანიისგან მიიღო წერილობითი პასუხი, რომელშიც დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში, ირაკლი ნაფეტვარიძე წერს, რომ საპროექტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

„პროექტი ითვალისწინებს წერილში აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ წყალმომარაგებისა და წყალარინების სრულიად ახალი სისტემების მოწყობას, რაც თავისთავად აღმოფხვრის არსებულ პრობლემას“, - წერს იგი.

კომპანიის თანახმად, ამის შემდეგ, „შესაბამისი დაფინანსების წყაროს არსებობის შემთხვევაში“, გამოცხადდება სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ტენდერი. ჯერ დაუზუსტებელია, როდის შეიძლება „დაფინანსების წყარო“ გაჩნდეს, რამდენ ხანს გაგრძელდება ტენდერი და რამდენი ხანი დასჭირდება უშუალოდ მშენებლობას.

XS
SM
MD
LG