Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ნაღმები აღმოაჩინეს


ფოტო არქივიდან. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური
ფოტო არქივიდან. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიფერიაზე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აღმოაჩინეს. უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც სადგური მდებარეობს, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. მონიტორინგის მიზნით ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი.

სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ 24 ივლისს, ღამით განაცხადა, რომ ექსპერტებმა რამდენიმე ნაღმი 23 ივლისს აღმოაჩინეს სადგურის შიდა და გარე პერიმეტრს შორის მდებარე ბუფერულ ზონაში, რომელზეც სადგურის თანამშრომლებს წვდომა არ აქვთ. გროსის ინფორმაციით, სააგენტოს გუნდმა ეს საკითხი განიხილა სადგურის ხელმძღვანელობასთან, რომელმაც თქვა, რომ გადაწყვეტილება სამხედროებმა მიიღეს და ეხება ზონას, რომელსაც ისინი აკონტროლებენ.

რაფაელ გროსის განცხადებით, ობიექტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობა ეწინააღმდეგება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს და ბირთვული უსაფრთხოების წესებს და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებზე დამატებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ქმნის. ამასთან, სააგენტოს ექსპერტთა წინასწარი შეფასებით, სადგურის პერიმეტრზე არსებული ნაღმების შესაძლო დეტონაციას გავლენა არ ექნება ობიექტის ბირთვულ უსაფრთხოებაზე.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორ მარიანო გროსის ინფორმაციით, სააგენტოს ექსპერტები ისევ ითხოვენ წვდომას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების სახურავზე და ტურბინების დარბაზებზე, მათ შორის მესამე და მეოთხე ენერგობლოკებზე, რომლებიც განსაკუთრებული ინტერესის საგანია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 4 ივლისს განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მესამე და მეოთხე ენერგობლოკების სახურავზე განათავსეს ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგნები, რომელთა აფეთქებამ ბლოკები არ უნდა დააზიანოს, თუმცა უნდა შექმნას უკრაინის მხრიდან სადგურის დაცხრილვის სურათი.

მანამდე, 22 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი განიხილავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული აქტის სცენარს. რუსეთმა ამას ტყუილი უწოდა და უკრაინა დაადანაშაულა სადგურის წინააღმდეგ პროვოკაციის მზადებაში.

  • ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
  • ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი არაერთხელ დაადანაშაულეს სადგურის მიმდებარე რაიონის დაცხრილვაში.
  • ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ, უშედეგოდ მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა და იქ საბრძოლო მოქმედებების აკრძალვა.
  • ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილის ოკუპაციის და ანექსირებულად გამოცხადების შემდეგ, 2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ატომური ელექტროსადგურის "ფედერალურ საკუთრებაში მიღების ბრძანება".
XS
SM
MD
LG