28 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ 11 მსჯავრდებულს შორის არიან ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები, რომლებიც 2021 წლის აპრილში დააკავეს ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე.
გამოძიების ვერსიით, მათ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. აქციაზე კიდევ შვიდი ადამიანი დააკავეს.
"სამართლიან სახელმწიფოში ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ უსამართლო ბრალდებით დაგეგმილი ბრალდებით დაგვაკავეს. სრულიად უსაფუძვლოდ დაგვაკავეს და მოგვისაჯეს 4 წელი", - უთხრა თორნიკე ჭელიძემ „ფორმულას“.
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.