Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ბათუმში დაკავებულები სხვადასხვა ქალაქში გადაიყვანეს 


სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბათუმში Astoria Grande-ს ჩასვლის საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულები პოლიციამ სხვადასხვა ქალაქში გადაიყვანა. აპარატში აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა პოლიციის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ილაპარაკა.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ცხრა მოქალაქე გადაყვანილია სენაკისა და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ხოლო, ორი დაკავებულის გადაყვანა იგეგმება ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში", - წერია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე სულ დაკავებულია 23 ადამიანი, თუმცა სახალხო დამცველის განცხადება ეხება 19-ს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა.

"საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს აქციაზე დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას და ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას", - წერია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

ყველა დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

გემი ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეები იმყოფებიან, 29 ივლისს სოჭის პორტიდან გავიდა და დღეს, 31 ივლისს, 05:30 საათზე თურქეთის ტრაპიზონიდან ბათუმში შევიდა. საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გემის შესვლამდე, წუხელ დაიწყო მას შემდეგ, რაც ბათუმის ნავსადგურში პოლიციამ ჯებირები აღმართა.

ბათუმის ნავსადგური სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემის - Astoria Grande-ს - მგზავრებმა, სავარაუდოდ, პოლიციის კორდონების გავლით დატოვეს. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, რუსეთიდან ბათუმში ჩაყვანილი ტურისტები ისხდნენ, აქციის მონაწილეები ესროდნენ კვერცხებსა და ბოთლებს.

პალაუს დროშით მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

XS
SM
MD
LG