Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს ფეხის კვალია" - ბათუმის ნავსადგურში დაკავებული პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს


გენრი დოლიძე
გენრი დოლიძე

პოეტი გენრი დოლიძე იმ 23 ადამიანს შორისაა, რომლებიც პოლიციამ ბათუმის ნავსადგურში რუსეთიდან (თურქეთის გავლით) საქართველოში საკრუიზო ლაინერის შემოსვლის საპროტესტო აქციაზე დააკავა. ის პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.

გენრი დოლიძე
გენრი დოლიძე

"ეს ბათუმის კრიმინალური პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ფეხის კვალია 48 საათის [გასვლის] შემდეგ. ჩამარტყა ლაჩრულად, დაკავებულს, მიწაზე დაგდებულს, ბორკილებდადებულს, ექვსი სპეცრაზმელი რო წიხლით მიჭერდა. ჩარტყმამდე დედა შემაგინა... აგინებდა ყველა დაკავებულს უშვერი სიტყვებით, ენით ართქმული სიბილწით მკვდარზე და ცოცხალზე", - წერს გენრი დოლიძე ფეისბუკში.

იგი ამბობს, რომ დაზიანებები აქვს სხეულის სხვა ნაწილებზეც:

"მიუხედავად იმისა, რომ ამის გარდა, სხვა ადგილებზეც მაქვს ძალადობის კვალი, სადაც, რა თქმა უნდა, უფრო გამეტებით მირტყამდნენ, ჩემთვის ღირსების შელახვა ის უფროა, ბათუმში რომ ქართველმა პოლიციელმა რუსის გამო და აფხაზეთის ომის ვეტერანზე გამოსარჩლების გამო ენით ართქმული სიტყვებით შემამკო და რუსული ჩექმა მითავაზა".

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას ბათუმის ნავსადგურში 31 ივლისს სოჭიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერის ჩასვლის საწინააღმდეგო აქციაზე. გამოძიება დაიწყო სახალხო დამცველის აპარატიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შესული განცხადებების საფუძველზე.

"გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო", - აცხადებენ უწყებაში და დასძენენ, რომ ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ არ მიუღიათ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატიდან.

31 ივლისს ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. იმ დღეს სოჭიდან გამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური მოქალაქეების პროტესტის ფონზე დატოვა. გემბანზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები კი ბათუმის დატოვებისას სკანდირებდნენ: „როსია!" „როსია!".

საკრუიზო ლაინერს, რომელმაც რუსი ტურისტები ჩამოიყვანა, 31 ივლისს, გამთენიისას, ქალაქში საპროტესტო აქციით დახვდნენ, რის გამოც რუსეთის მოქალაქეებმა ხმელეთზე გადმოსვლა საქართველოს პოლიციის დახმარებით შეძლეს, შემდეგ კი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დატოვეს ნავსადგურის ტერიტორია. დემონსტრანტებმა მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს.

პალაუს დროშით მცურავი გემი Astoria Grande, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

XS
SM
MD
LG