Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯიდაში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის მთლიანობას


ანდრი ერმაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი
ანდრი ერმაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი

5-6 აგვისტოს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართული, უკრაინაში ომის გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს სახელმწიფოთა, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ სამიტის შედეგებზე დაყრდნობით იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები, ამასვე ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი.

შეხვედრაში 40-მდე სახელმწიფოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, მათ რაიმე საერთო დოკუმენტი არ შეუმუშავებიათ - შეხვედრის მთავარ მიზნად მიიჩნეოდა არა ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, არამედ მოსაზრებების გაცვლა.

ერმაკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯიდაში გაიმართა "ძალიან პროდუქტიული კონსულტაციები საკვანძო პრინციპებზე, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს სამართლიანი და გამძლე მშვიდობა". უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი - რომელიც უკრაინის დელეგაციას ედგა სათავეში - ასევე ამბობს, რომ "იყო განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ ყველა მონაწილემ დაადასტურა თავიანთი ქვეყნების ერთგულება გაეროს პრინციპების, საერთაშორისო სამართლის და სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის მიმართ".

რუსეთი შეხვედრის მონაწილე არ იყო, თუმცა იუწყებიან, რომ მას სამიტის შედეგებს საუდის არაბეთი შეატყობინებს.

ერმაკის თქმით, შეხვედრაზე უკრაინის დელეგაციამ დეტალურად წარმოადგინა ე.წ. მშვიდობის ფორმულა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ბირთვულ, ენერგეტიკულ და საკვებით უსაფრთხოებას, ტყვეებისა და დეპორტირებულების გათავისუფლებას, გაეროს პრინციპებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

ორდღიანი შეხვედრა წარმოადგენდა უკრაინის დიპლომატიურ ძალისხმევას, მხარდაჭერა მოიპოვოს თავისი მთავარი დასავლელი პარტნიორების მიღმა და მისწვდეს გლობალური სამხრეთის სახელმწიფოებს, რომლებიც ყოყმანით ეკიდებიან რუსეთ-უკრაინის ომში რომელიმე მხარის დაკავებას.

სამიტში მონაწილეობდა ე.წ. BRICS-ის სახელმწიფოთა ოთხი წარმომადგენელი, - ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა - რომლებსაც რუსეთთან ახლო კავშირები აქვთ.

XS
SM
MD
LG