Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წელს აღებული ვალდებულებები


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

რუსეთ-საქართველოს ომიდან მე-15 წლისთავზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. პარიზი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებას.

„როგორც ქალბატონმა კატრინ კოლონამ, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუსული აგრესიიდან 15 წლის შემდეგ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლებების ცალმხრივი აღიარება, ამ რეგიონების მილიტარიზაცია, ისევე როგორც მათ და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობისთვის დაბრკოლებების შექმნა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მიუღებელ ხელყოფას", - ვკითხულობთ საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც საელჩომ გაავრცელა.

საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები და კვლავ უცხადებს მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმას, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობას, ისევე როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) საქართველოში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.

7 აგვისტოს 15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.

XS
SM
MD
LG