Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters: რუსეთი საკვების გადასაზიდად სულ უფრო მეტად ემყარება "ჩრდილოვან ფლოტს"


მარცვლეულის დატვირთვა გემზე დონის როსტოვში. 14 სექტემბერი, 2004.
მარცვლეულის დატვირთვა გემზე დონის როსტოვში. 14 სექტემბერი, 2004.

რუსეთი 17 ივლისს მარცვლეულის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შემდეგ საკვების ტრანსპორტირებისთვის სულ უფრო მეტად ემყარება ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებს - ძველ და მცირე ზომის მშრალტვირთიან კაპარჭებს. როგორც წესი, მათი მფლობელები არიან ნაკლებად ცნობილი ოპერატორები თურქეთსა და ჩინეთში. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება წყაროზე დაყრდნობით.

სააგენტოს თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ივლისში რუსეთმა დაიწყო გემების აქტიური დაქირავება იმ მფლობელებისგან, რომლებთანაც მსხვილი მოვაჭრეები არ თანამშრომლობენ. პლატფორმა Shipfix-ის თანახმად, ასეთ გემებზე რუსული განაცხადების რაოდენობა ივნისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა და 257-ს მიაღწია.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ბევრმა უცხოურმა კომპანიამ - მზღვეველებმა, გემთმფლობელებმა და ბანკებმა - უარი თქვა რუსულ ფირმებთან თანამშრომლობაზე, ნაწილობრივ - მეორადი სანქციების ქვეშ მოქცევის შიშის გამო. ამავე დროს შეზღუდვები არ ვრცელდება პირდაპირ რუსულ საკვებსა და სასუქებზე.

მარცვლეულის გარიგებიდან რუსეთის გასვლისა და შავ ზღვაში საომარი მოქმედებების გააქტიურების შემდეგ რუსული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის კუთხით სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. გემთმფლობელებმა და მზღვეველებმა, რომლებიც მზად არიან, ითანამშრომლონ მოსკოვთან, თავიანთ მომსახურებაზე ფასები გაზარდეს, ამბობენ სააგენტოს წყაროები. მათი თქმით, ოპერატორები რუსული ტვირთის გადაზიდვისთვის დღეში ათი ათასი დოლარით მეტს იღებენ, ვიდრე მსგავსი ტვირთისთვის ბულგარეთისა და რუმინეთის პორტებიდან.

რუსეთის მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ედუარდ ზერნინმა Reuters-თან საუბარში აღნიშნა, რომ გემების დაქირავებისა და დაზღვევის ხარჯების ზრდა გავლენას მოახდენს ფასებზე მსოფლიო ბაზარზე.

უწყების თანამოსაუბრეებს ასევე მიაჩნიათ, რომ შექმნილ ვითარებაში რუსეთს სულ უფრო გაუჭირდება იმ მაღალი საექსპორტო მაჩვენებლების შენარჩუნება, რაც იყო 2022 წელს.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, რუსეთის მარცვლეულის ექსპორტი 2023-2024 წლებში დაახლოებით 8%-ით შემცირდება გასული წლის 60 მილიონ ტონასთან შედარებით. ექსპორტის შემცირების მიზეზს უწყებაში არ აკონკრეტებენ.

რუსეთმა და უკრაინამ შარშან ივლისში ხელი მოაწერეს მარცვლეულის შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან. მას შემდეგ ხელშეკრულება რამდენჯერმე გაგრძელდა, მაგრამ 17 ივლისს მოსკოვი ცალმხრივად გავიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან. რუსეთი აცხადებს, რომ გარიგების ნაწილი, რომელიც რუსული საკვებისა და სასუქების ექსპორტს ეხებოდა, არ განხორციელებულა.

მას შემდეგ, რაც მოსკოვი გამოვიდა შეთანხმებიდან, რუსმა სამხედროებმა უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურის მასიური დაბომბვა დაიწყეს. რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ მას შეუძლია სამხედრო სამიზნეებად განიხილოს მშრალტვირთიანი გემები შავ ზღვაში.

თურქეთმა, გაერომ და სხვა ქვეყნებმა მოუწოდეს რუსეთს, დაუბრუნდეს შეთანხმებას. ვაშინგტონმა მოსკოვის ქმედებებს შანტაჟი უწოდა.

XS
SM
MD
LG