ყველაზე დიდი საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" საკანონმდებლო ორგანოში იბარებს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
"ინტერპელაციის წესით ვითხოვთ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსვლას საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ უკვე პარლამენტს, რომელიც, შესაბამისად, ვალდებულია გადასცეს აღნიშნული კითხვები უწყებას, კონკრეტული კითხვებით", - თქვა მან.
ფრაქციას აინტერესებს:
- "რატომ არ მოხდა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა მაშინ, როდესაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები გასცემდნენ აღნიშნულზე დაპირებას მრავალი წლის მანძილზე?"
- "რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი?"
- "რატომ არ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი ქვეყნების დახმარება?"
- "რა მდგომარეობაშია სამაშველო აღჭურვილობა?"
ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეაც, თუმცა ამისთვის მას სჭირდება, ჯამში, 50 დეპუტატის ხმა, რისი მოგროვებაც შეუძლებელია სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე.
შოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, განვითარდა. სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა. მოხდა 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი, 7-ს კი ეძებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შოვის სტიქიის შესახებ თავის პირველ კომენტარში 13 აგვისტოს მედიასთან ილაპარაკა იმაზე, რატომ არ გამოიყენეს ვერტმფრენები 3 აგვისტოს ღამეს.
"არის ძალიან დიდი რისკი, ასე ვთქვათ. თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა რომ გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული. არ შეიძლება უბრალოდ", - თქვა მინისტრმა.