Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერ ვასწრებ საპენსიო დანაზოგის დაბანდებას - კიდევ მექნება შანსი?


რიგი საპენსიო სააგენტოში
რიგი საპენსიო სააგენტოში

სამი კვირა დარჩა იმ დრომდე, სანამ დასაქმებულებს ამოეწურებათ ვადა იმისთვის, რომ აირჩიონ სად დააბანდონ დაგროვებული საპენსიო თანხა - ნაკლებრისკიან, საშუალორისკიან თუ მაღალრისკიან პორტფელში. თანხების დაკარგვის რისკებზეა დამოკიდებული, როგორი იქნება პენსიაში გასული ადამიანის დაგროვებული თანხა.

რა იცვლება?

6 აგვისტოს ამოიწურა 5-წლიანი ვადა, როცა კანონი საპენსიო სააგენტოს ავალდებულებდა, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები დაებანდებინა მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში. ახლა სავალდებულოა, მოქალაქემ თავად შეაფასოს რისკები იმ თანხის დასაბანდებლად, რომელიც წლების შემდეგ მის პენსიად უნდა იქცეს.

საპენსიო სააგენტომ მოქალაქეებს გადაწყვეტილების მისაღებად ერთთვიანი ვადა მისცა, რომელიც 6 სექტემბერს იწურება.

როგორ შეიძლება დანაზოგის ინვესტირება?

საინვესტიციო პორტფელის არჩევა შეიძლება საპენსიო სააგენტოს ვებგვერდიდან (my.pensions.ge) ან ოფისში, ან იუსტიციის სახლში მისვლით.

ონლაინ მიმართვისთვის აუცილებელია ID ბარათი, სპეციალური მოწყობილობა (ID წამკითხველი) და PIN კოდი, რომელსაც იუსტიციის სახლი გასცემს.

თუ სააგენტოს არ ან ვერ მიმართავთ, რა მოხდება?

საპენსიო სააგენტო ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, მოქალქეების ნაცვლად აირჩევს:

  • 40 წლამდე დასაქმებულის საპენსიო თანხები გადანაწილდება "მზარდ" (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
  • 40 წლიდან 50 წლამდე დასაქმებულის - "შერეულ"(საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
  • 50 ან 50-ზე მეტი წლის - "სტაბილურ" (ნაკლებად რისკიან) საინვესტიციო პორტფელში.

როგორია ნაკლებრისკიანი პორტფელი?

თითოეული მოქალაქის დაგროვებული თანხის ძირითადი ნაწილი საბანკო ანაბრებსა და ობლიგაციებში იდება, გლობალურ აქციებში კი - მხოლოდ თანხის 20 პროცენტი. ამის გამო ეს პორტფელი ყველაზე დაბალრისკიანად ითვლება.

ასე აბანდებდა სააგენტო შეგროვებულ თანხას გასული ხუთი წლის განმავლობაში. წლიური საშუალო მოგება 9,4 პროცენტი იყო, 5 წლის განმავლობაში ჯამში 52%. წლიური მოგება ინფლაციის გათვალისწინებით კი 2,17 პროცენტი გამოდის.

როგორია საშუალორისკიანი პორტფელი?

ამ პორტფელში, ნაკლებად რისკიანი პორტფელისგან განსხვავებით, იზრდება უცხოური კომპანიების აქციებში ჩადებული თანხის მოცულობა (20-დან 40 პროცენტამდე).

როგორია მაღალრისკიანი პორტფელი?

ამ შემთხვევაში დაგროვებული თანხის დიდი ნაწილი (60%) უცხოური კომპანიების აქციებში ჩაიდება.

"აქციების ფასის შესაძლო მერყეობის გამო ამ პორტფელს თან ახლავს შედარებით მაღალი რისკიც... ეს პორტფელი უკეთ შეეფერებათ ისეთ ადამიანებს, ვისაც უყვართ რისკის აღება და ამის ხარჯზე სურთ მაღალი მოგების მიღება გრძელ ვადაში. ასეთები ხშირად არიან ახალგაზრდები, რომელთაც საპენსიო ასაკამდე რამდენიმე ათწლეული აშორებს", - წერია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე.

აქვე აღნიშნულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გლობალურ აქციებში ინვესტირება კაპიტალის ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, თუმცა არსებობს რისკებიც, განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდში.

ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს კოვიდპანდემია, რა დროსაც მსოფლიო ფინანსურ ბირჟებზე მნიშვნელოვანი რყევები მოხდა და ინვესტორების დიდმა ნაწილმა იზარალა.

როგორ აისახება სხვადასხვა პორტფელში თანხის ინვესტირება საბოლოო დანაზოგზე?

საპენსიო სააგენტოს გამოთვლილი აქვს, როგორ შეიცვლება დაგროვებული თანხის მოცულობა თანხის ნაკლებრისკიან, საშუალორისკიან ან მაღალრისკიან პორტფელში განთავსების შემთხვევაში. მაგალითად, თუ მოქალაქე ყოველთვიურად იღებს 1310 ლარს, მისი საპენსიო შენატანი 100 ლარია. 35 წლის შემდეგ სხვადასხვა პორტფელის მიხედვით დაგროვებული თანხა განსხვავებული იქნება:

  • ნაკლებრისკიანის შემთხვევაში - 143 000 ლარი დაგროვდება;
  • საშუალორისკიანის შემთხვევაში - 164 000 ლარი;
  • ​მაღალრისკიანის შემთხვევაში კი - 185 000 ლარი.

ახლა მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა?

არა. საქართველოს კანონმდებლობა საპენსიო სქემაში ჩართულ ყველა მოქალაქეს უფლებას აძლევს, საინვესტიციო პორტფელის კატეგორიები შეცვალოს წელიწადში ერთხელ (პერიოდი არ უნდა იყოს 12 თვეზე ნაკლები).

შემდეგი ასეთი შესაძლებლობა 2024 წლის სექტემბერში იქნება.

XS
SM
MD
LG