Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყირიმის პლატფორმის" სამიტში საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას


"ყირიმის პლატფორმის" სამიტი. 23 აგვისტო, 2021 წელი
"ყირიმის პლატფორმის" სამიტი. 23 აგვისტო, 2021 წელი

უკრაინაში დღეს, 23 აგვისტოს, იხსნება ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტი. სამიტი წელს მესამედ ტარდება და შერეულ ფორმატში წარიმართება. სამიტზე სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები და ლიდერები განიხილავენ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.

კერძოდ, შეხვედრებზე განხილული იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, ყირიმის ნახევარკუნძულზე ჰუმანიტარული პოლიტიკა დეოკუპაციის შემდგომ. საკვანძო საკითხი იქნება აზოვისა და შავი ზღვების რეგიონების უსაფრთხოება.

"ყირიმის პლატფორმის" სამიტის სტუმრები შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 აგვისტოს სამიტში 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. გუშინ, 22 აგვისტოს, უკრაინაში ჩავიდნენ უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი. უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სამიტზე ასევე მიწვეული ჰყავს ნიდერლანდის პრემიერი მარკ რუტე.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, "ყირიმის პლატფორმის" რიგით მესამე საერთაშორისო სამიტში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. დაესწრება თუ არა სამიტს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, ამაზე რადიო თავისუფლება პასუხს ელის მთავრობისგან, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტისგან.

სალომე ზურაბიშვილი გასული წლის აგვისტოშიც მონაწილეობდა ონლაინ ფორმატში გამართულ "ყირიმის პლატფორმის" რიგით მეორე სამიტში.

"ყირიმის პლატფორმა" უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივითაა შექმნილი. ის მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციასა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

"ყირიმის პლატფორმის" რიგით მეორე სამიტში 50-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

XS
SM
MD
LG