Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი წუთის მოლოდინში


ავტორი: ინგა ღოღობერიძე

გუშინ დედაჩემს შევხედე და ისევ გავიფიქრე, არ მინდა, დავავიწყდე-მეთქი.

მალე 30 წლის ვხდები. არ ვიცი ასაკის ბრალია თუ არა, მაგრამ ბოლო თვეებია ერთი ფიქრი არ მტოვებს: არ მინდა, დავავიწყდე. არ მინდა, არ მინდა, დავავიწყდე. არადა, ხომ პირიქით ხდება? როგორც წესი, ხომ მშობლებს ეშინიათ, შვილებს არ დაავიწყდეთ?

საიდან მოდის ჩემი შიში? როგორ ვუშვებ, რომ იმ ადამიანს დავავიწყდები, რომელსაც 29 წლის განმავლობაში არც ერთხელ დავუტოვებივარ მარტო.. ადამიანს, რომლის არსებობას მაშინაც კი ვგრძნობ, როცა თვითმფრინავში მჯდომს მგონია, რომ რეისი ამერია და სულ მალე უცხო ქვეყანაში ამოვყოფ თავს. თუმცა, არასდროს ვღელავ. იმაზეც კი არ ვწუხდები, რომელიმე მგზავრთან მაინც გადავამოწმო რეისის ნომერი, რადგან ზუსტად ვიცი, შუა ოკეანეშიც რომ აღმოვჩნდე, დედაჩემი გადამარჩენს. მაშინ, როგორ უნდა დავავიწყდე მას? რა სულელური აკვიატებაა?

ბებომ სიცოცხლის უკანასკნელი წლები ისე გაატარა, არც შვილების სახელები ახსოვდა და არც საკუთარი. ფრჩხილის ლაქს ტუჩებზე ისვამდა, აბაზანა უნიტაზი ეგონა, საკუთარ ოთახს კორპუსებს შორის ეძებდა. ბებო ოთახს ეძებდა, ჩვენ - ბებოს. სიფრთხილის მიუხედავად, მაინც გაგვეპარებოდა ხოლმე და ალბათ, ვერ ხვდებოდა, რატომ აბრუნებდა მისთვის უცხო ხალხი უცხო სახლში. დაჯდებოდა ხოლმე მოწყენილი, ხმას არავის სცემდა ან პირიქით, დაუსრულებლად ლაპარაკობდა, თუმცა ვერაფრით შეძლებდი იმის გაგებას, რისი თქმა სურდა.

Alzheimer’s Disease International-ის 2020 წლის კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით 55 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ალცჰაიმერის დიაგნოზი.

არ მინდა, დედას დავავიწყდე. არ მინდა ისეთი გაყინული თვალებით შემომხედოს, როგორც ბებო უყურებდა მამაჩემს, მის შვილს. არ მინდა დაავიწყდეს, როგორ ვუყვარვარ. არც ის მინდა დაავიწყდეს, მე როგორ მიყვარს. არ მინდა შემომხედოს და ჩემში უცხო ადამიანი დაინახოს.

გამოცდისთვის ვემზადებოდი. ბებო გვერდით მომიჯდა და ლაპარაკი დამიწყო. ვთხოვე, ვმეცადინეობ და მერე მოდი-მეთქი. არ წავიდა. ვეცადე თავი მომეჩვენებინა, რომ ვუსმენდი და საგამოცდო მასალების კითხვის დროს დროდადრო თავს ვუქნევდი. ალბათ, ჰეივუდს ეგონა, მას ვეთანხმებოდი. სულაც არა. მე და ჰეივუდმა ვერაფრით გამოვნახეთ საერთო ენა. ბებოს მონოტონურ გაუგებარ ლაპარაკს ყური ისე შეეჩვია, უკვე ხმა სადღაც შორიდან მესმოდა და აღარც მაწუხებდა, მაგრამ უცებ, ვაიმე, ბასუნა (ასე მეძახდა მაშინაც, როცა უკვე ვეღარ მცნობდა), ყველაფერი გამახსენდაო, წამოიძახა. აქამდე თითქოს თავში ყველაფერი არეული მქონდა, ახლა დამილაგდა და ყველაფერი გამახსენდაო. ერთი წამით გავხედე. ბებოს ასეთი ბედნიერი სახე მანამდე არასდროს მენახა. სამწუხაროდ, არც მას შემდეგ. მისმა ამ მდგომარეობამ დაახლოებით 5 წუთს გასტანა. თუკი მკითხავთ, ცხოვრებაში ყველაზე მეტად რას ნანობო, ალბათ, იმას, რომ ბებოს მაგ სიტყვებს მაშინ მნიშვნელობა არ მივანიჭე. იქნებ, მისმა გონებამ მართლა გამოაღწია ბურუსიდან, თუნდაც, ის რამდენიმე წუთი? იქნებ, მართლა გავახსენდით? მე კი, იმის მაგივრად, რომ მისი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის დამეძახა, იმის მაგივრად, რომ მასთან მივსულიყავი და ეს დრო გამომეყენებინა, უბრალოდ ჰეივუდის კითხვა გავაგრძელე. და დღემდე ვერაფრით ვიშორებ დანაშაულის განცდას, რომ იქნებ, ბებო რამდენიმე წუთით მართლა დაგვიბრუნდა, ჩვენ კი მას არ დავხვდით.

არ მინდა, დედას დავავიწყდე.

ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, ოღონდ ცოცხალი იყოს და არა უშავს, თუკი არ ვემახსოვრები-მეთქი, მაგრამ ვუყურებდი ბებოს წლების განმავლობაში და არ ვიცი, იყო კი ეს სიცოცხლე? საერთოდ, რა განსაზღვრავს ჩვენს არსებობას? ჩვენი სხეული? ვფიქრობ, ეგ ყველაზე ნაკლებად. მაშინ რა? ალბათ, ჩვენი ტვინი, ჩვენი მეხსიერება, სიცოცხლის აღქმის უნარი, ემოციები, შეგრძნებები. და სიყვარული. ცალსახად სიყვარული. და თუ დედას ვეღარ ვეყვარები, იმიტომ, რომ ვერ გამიხსენებს, როგორ უნდა დავიჯერო, რომ ჩემ გვერდითაა? როგორ უნდა დავიჯერო, რომ ცოცხალია?

არ მინდა, დედას დავავიწყდე. ძალიან, ძალიან არ მინდა.

ჯოან დიდიონი თავის წიგნში ,,ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ მშობლის დაკარგვით გამოწვეულ ემოციას ,,მიტოვებული ბავშვის მარტოსულობას“ არქმევს და იქვე აღნიშნავს, რომ ასაკს ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს. მწერალი მეგობრისგან მიღებულ წერილსაც გვიკითხავს: ,,მშობლის სიკვდილი, - მწერდა, - მიუხედავად მზადყოფნისა და ჩვენი ასაკისა, მაინც ძირეულ ცვლილებებს აღგვიძრავს. იწვევს მოულოდნელ განცდებს, ათავისუფლებს და გარეთ უშვებს მოგონებებს, რომლებიც ჩავლილი და დიდი ხნის წინ ღრმად ჩამარხული გვეგონა“.

ნეტავ, მამაჩემმა როდის უფრო იგრძნო მიტოვებული ბავშვის მარტოსულობა - ბებოს გარდაცვალების მერე თუ მაშინ, როცა წლების განმავლობაში უყურებდა და ვერ ცნობდა?

არ მინდა, დედას დავავიწყდე. ეგოისტურად არ მინდა.

ჩვენი არსებობა ხომ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვის მეხსიერებაზეც დგას? თუკი ადამიანებს არ ვემახსოვრებით, თუკი სხვები ვერ დაგვინახავენ და გვიცნობენ, ასეთ დროს ხომ ჩვენი არსებობაც ეჭვქვეშ დგება?

თუ დედას არ ემახსოვრება, რომ გამაჩინა, როგორ დავიჯერო, რომ გავჩნდი და ვარსებობ?

არ მინდა, დედას დავავიწყდე.

მაგრამ თუ ეს გარდაუვალია, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თუკი ბებოსავით მისი გონებაც რამდენიმე წუთით მაინც დაბრუნდება, იქ დავხვდე და მთელი სიმძაფრით გამოვიყენო დრო, რომელსაც ალცჰაიმერი ჩვენთვის გამოიმეტებს. ყოველდღე ვივარჯიშებ, რომ როგორმე შევძლო და ხუთი წუთით დაბრუნებულს სრულად გავუზიარო იქამდე დაგროვებული ყველა ამბავი და ემოცია.

და მაინც, არ მინდა, რომ დედას დავავიწყდე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG