Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიქოზში გაიხსნა ანიმაციური ფილმების ფესტივალი


ნიქოზი, ანიმაციური ფილმების ფესტივალის გახსნა
ნიქოზი, ანიმაციური ფილმების ფესტივალის გახსნა

საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, სოფელ ნიქოზში, ანიმაციური ფილმების ფესტივალი გაიხსნა.

ერთი კვირის განმავლობაში აქ წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში ცნობილი ანიმატორების ნამუშევრები.

ის სასახლე, სადაც ფესტივალი მიმდინარეობს, 2008 წელს, რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბვისას განადგურდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ მისი აღდგენა მოხერხდა და მას შემდეგ აქ ფესტივალი იმართება. ფესტივალის დამფუძნებელია ცხინვალ-ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია), რომელიც საერო ცხოვრებაში თვითონ იყო ანიმატორი და ფესტივალის ნიქოზში ჩატარების იდეაც ომის შემდეგ ნაწილობრივ განადგურებულ სოფელში გაუჩნდა.

„ომის დროს ტელეფონით ვიღებდი კადრებს, შემდეგ საპატრიარქოდან კამერაც გამომიგზავნეს და რის გადაღებაც შევძელი, შევკრიბე ეს კადრები. ომი მარტო მსხვერპლი და ტრაგედია არ არის, ომს სხვა სახეც გააჩნია, ერთხელ ისიც ვთქვით, რომ აქ ჩამოსული მსოფლიოში ცნობილი რეჟისორები ხდებიან ჩვენი ელჩები და ეს ფესტივალიც ასე ხდება სულ უფრო ცნობილი. ცნობილმა რეჟისორმა, პოლ ბუშმა თქვა, ჩვენ ელჩებზე უკეთესები ვართო, რადგან ელჩები 4-5 წელი მუშაობენ, ჩვენ კი მთელი ცხოვრება ნიქოზის ფესტივალის ელჩები ვიქნებითო“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ისაიამ.

საფესტივალო დღეები ერთი კვირა ანიმაციური ფილმების ჩვენებით, გამოფენებითა და ცნობილი ანიმატორების მასტერკლასებით იქნება დატვირთული.

„ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“ პირველად 2011 წელს ჩატარდა, 2023 წლის 1-7 სექტემბერს იგი მეთერთმეტედ იმართება სოფელ ზემო ნიქოზში.

ფესტივალი წლებია თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ ფესტივალებთან, როგორებიც არიან: დრეზდენის მოკლე ფილმების ფესტივალი (გერმანია), ანესის ანიმაციური ფილმების ფესტივალი (საფრანგეთი), ანიმაციური ფილმების ფესტივალი „მონსტრა“ (პორტუგალია), ზაგრების ანიმაციური ფილმების ფესტივალი (ხორვატია), ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ტინდირიდისი“ (ლიეტუვა), ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ლინოლეუმი“ (უკრაინა), სუზდალის ანიმაციური ფილმების ფესტივალი (რუსეთი), შტუტგარტის ანიმაციური ფილმების ფესტივალი (გერმანია).

2017 წელს „ევროპული ფესტივალების ასოციაციამ“ „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ ნიქოზს“ ხარისხის ნიშანი მიანიჭა და იგი ევროპული ფესტივალების ნაწილი გახდა.

ნიქოზის ფესტივალი არ არის საკონკურსო ფესტივალი, აქ მთავარია მაღალმხატვრული ნამუშევრების შერჩევა ფესტივალის პროგრამისათვის და მნიშვნელოვანია გამოჩენილ უცხოელ თუ ადგილობრივ ხელოვანებთან უშუალო შეხვედრების ორგანიზება; ასევე, ფესტივალებსა და უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობით, არის შესაძლებლობა თვალი მივადევნოთ, თუ რა სიახლეები და მიმართულებებია თანამედროვე ანიმაციის ხელოვნებაში.

ფესტივალი ზრუნავს საქართველოს კულტურის პოპულარიზაციისთვისაც, სტუმრები ესწრებიან გამოფენებს, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ წარმოდგენებს, ეცნობიან საქართველოს კულტურასა და ისტორიას.

ფესტივალს, გარდა ანიმაციის ხელოვნების განვითარებისათვის ზრუნვისა, თავისი, განსაკუთრებული, კულტურულ-სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს... მნიშვნელოვანია, რომ სოფელი, რომელიც „აგვისტოს ომის“ ეპიცენტრში იმყოფებოდა, ამჟამად, თანამშრომლობის, განვითარების, განათლების, ევროპისა და მსოფლიოს პროგრესულ ნაწილთან ინტეგრაციის ინიციატორადაც გვევლინება.

„ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ ნიქოზის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორია ნიქოზის წმიდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლა.

XS
SM
MD
LG