Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ პირველად აჩვენა რუსეთიდან ვერტმფრენით გაქცეული პილოტი


საილუსტრაციო ფოტო. მი-8 ტიპის ვერტმფრენი
საილუსტრაციო ფოტო. მი-8 ტიპის ვერტმფრენი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ საჯაროდ პირველად აჩვენა რუსი მფრინავი, რომელმაც ოფიციალური ვერსიით, მი-8 ტიპის ვერტმფრენი უკრაინის მხარეს გადაიყვანა სპეცოპერაციისას, კოდური სახელწოდებით „სინიცა“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 3 სექტემბერს ღამით, ტელევიზიით აჩვენა დოკუმენტური ფილმი „რუსეთის ჩამოგდებული მფრინავები“. მასში გადაღებულია რუსი პილოტიც, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, 28 წლის მაქსიმ კუზმინოვი. ის ფილმში ჰყვება, რომ მსახურობდა რუსეთის 319-ე პოლკში, რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი პრიმორსკის მხარეა.

კუზმინოვის თანახმად, თავად დაუკავშირდა და სიტუაცია აუხსნა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს, რომლებმაც შესთავაზეს უსაფრთხოების გარანტიები, ახალი დოკუმენტები და ფულადი კომპენსაცია. კუზმინოვის ინფორმაციით, რუსეთიდან უკრაინაში მისი გადაფრენის დეტალების დაგეგმვის შემდეგ, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე რაიონიდან საკუთარი კოორდინატები გადასცა და უკრაინის ტერიტორიამდე იფრინა შეძლებისდაგვარად დაბლა, რადიოდუმილის რეჟიმში.

კუზმინოვმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ის, რაც დღეს ხდება, უკრაინელი და რუსი ხალხის გენოციდია და არ სურს ამ დანაშაულის ხელშემწყობი იყოს. მისივე თქმით, ცალსახაა, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია. კუზმინოვმა უკრაინის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა სხვა რუს მფრინავებსაც და განაცხადა, რომ უკრაინაში არანაირი ნაცისტები და ფაშისტები არ არიან.

ინფორმაცია, რომ რუსი პილოტი მი-8 ტიპის ვერტმფრენით უკრაინის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ აეროდრომზე დაეშვა, პირველად 23 აგვისტოს გავრცელდა.

დოკუმენტურ ფილმში, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 3 სექტემბერს, ღამით აჩვენა, ნაამბობია ამ სპეცოპერაციის ზოგიერთი დეტალი და ნათქვამია, რომ მაქსიმ კუზმინოვისგან მიიღეს საკმაოდ ღირებული ინფორმაცია რუსეთის ავიაციის, კავშირგაბმულობის სისტემებისა და აეროდრომების ქსელის შესახებ.

XS
SM
MD
LG