Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვესიტაძე გაბუნიას განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებს


ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე.
ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე.

ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას საკუთარი გადაცემის მონოლოგში გამოეხმაურა ამავე არხის ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე. მან გაბუნიას განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა.

„ის, რაც გუშინ გიორგი გაბუნიამ „მთავარი არხის“ ეთერში, დირექტორის რანგში ილაპარაკა, უკიდურესად შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, ისევე, როგორც დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგისთვის. მან თქვა, რომ ადრე თავისუფლები არ ვიყავით, მუდმივად „ნაცების“ საქმეს ვაკეთებდით და მხოლოდ ახლა გავთავისუფლდით.

მე არ ვიცი, რა შეხვედრაზე საუბრობს გიორგი, სადაც თურმე გათავისუფლების ცნობას დიდი ოვაციები მოჰყვა, მე ამ შეკრებას არც დავსწრებივარ და მის შესახებ არც არაფერი გამიგია. მე მხოლოდ ის ვიცი დანამდვილებით, რომ „რუსთავი 2“-იდან მოყოლებული არასოდეს დამიმალავს ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება არავის მიმართ, მათ შორის, არც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და მიხეილ სააკაშვილის მიმართაც. სწორედ, იმ პერიოდში ვწერდი სააკაშვილთან ყველაზე მწვავე ინტერვიუებს, რომელსაც გაბუნია არხის არათავისუფალ პერიოდს ეძახის, არადა ჩემი თავისუფლების გარანტი არხის მაშინდელი გენერალური დირექტორი [ნიკა გვარამია] იყო, სხვათა შორის, თავად გაბუნიასიც, რომლის მონოლოგებს არაერთხელ გამოუწვევია დიდი სკანდალი არხის გარშემო და გვარამიას ბოლომდე დაუცავს მისი გამოხატვის თავისუფლება, როგორც გარეთ, ისე თანამშრომლებს შიგნით", - თქვა ეკა კვესიტაძემ.

4 სექტემბერს „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ არხთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა და თქვა, რომ ცვლილებები „არა მარტო კოსმეტიკური“, არამედ „ძირეულია“.

„სამწუხაროდ, ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა. ახლა რაც შემიძლია ძალიან დიდი სიამოვნებით და ბედნიერებით ვთქვა, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად. ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს ეს და დააფიქსიროს, უნდა უყურო ეთერს სისტემატურად, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

„მთავარ არხი", ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა. გვარამიას დაკავების შემდეგ გიორგი გაბუნია გახდა არხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გვარამიას გათავისუფლების შემდეგ კი - გენერალური დირექტორი.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა 22 ივნისს შეიწყალა, ის 2022 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თითქმის 7 მილიონი ლარით კომპანიის დაზარალებაში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატების საჩივარი არ დააკმაყოფილეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა. ნიკა გვარამია ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობას აღარ დაუბრუნდა.

XS
SM
MD
LG