Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

(როგორ) იცვლება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი? - რა  სურს "ქართულ ოცნებას" 


ცესკოს შენობა
ცესკოს შენობა

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საარჩევნო კოდექსი კიდევ ერთხელ შეიცვლება. მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების დამტკიცების წესის შეცვლა ევროინტეგრაციის გზაზე 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას შეუწყობს ხელს. 

როგორ ირჩევენ დღეს ცესკოს თავმჯდომარესა და დამოუკიდებელ წევრებს?

კანონის მუხლები, რომელთა შეცვლაც ახლა მმართველ პარტიას უნდა, პარლამენტმა 3 ივლისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით მიიღო. პრეზიდენტს ჩამოერთვა ცესკოს კანდიდატების შესარჩევი კომისიის შექმნისა და შემდეგ სასურველი კანდიდატების საქართველოს პარლამენტში წარდგენის უფლება. ეს ფუნქცია დაეკისრა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ამავდროულად მმართველი პარტიის წევრია.

კანდიდატების დასამტკიცებლად საკმარისია 150 დეპუტატიდან მხოლოდ 76-ის მხარდაჭერაც კი. დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში 84 დეპუტატია, რაც ხმების საჭირო რაოდენობაზე გაცილებით მეტია.

რა ხდებოდა ამ ცვლილებებამდე?

საარჩევნო კოდექსში ბოლო ცვლილებების შეტანამდე ცესკოს თავმჯდომარისა და არაპარტიული წევრების ასარჩევად აუცილებელი იყო 100 დეპუტატის მხარდაჭერა, რაც ავტომატურად გულისხმობდა პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევას. მმართველ პარტიას დამოუკიდებლად, 76 ხმით, კანდიდატების მხოლოდ 6 თვით არჩევა შეეძლო, შემდეგ კი ისევ უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი.

საქართველოში საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები შეეწინააღმდეგნენ ამ წესის შეცვლას. ISFED-ის განმარტებით, ინიციატივა სრულად ეწინააღმდეგებოდა 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდაციებსა და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთს.

2 თვის წინ „ოცნებამ” არც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არც ოპოზიციის კრიტიკა არ მიიღო და პრეზიდენტის ვეტოც დაძლია, რომ წესი, რომელსაც ახლა კიდევ ერთხელ ცვლის, დაემტკიცებინა.

მაშ, რას ცვლის ახლა მმართველი პარტია?

კანდიდატთა შესარჩევი კომისიისა და შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის უფლებას პრეზიდენტს არ უბრუნებენ. კანონპროექტი, რომელიც საჯარო მხოლოდ პარლამენტის ბიუროში დარეგისტრირების შემდეგ გახდება, რადიო თავისუფლებას ჯერ არ უნახავს, მაგრამ, როგორც „ოცნება” ხსნის, პრეზიდენტი პროცესში ჩაერთვება, თუ უმრავლესობაში მყოფი პარლამენტის თავმჯდომარის დაყენებულ კანდიდატს უმრავლესობის წევრები მხარს არ დაუჭერენ.

მმართველი პარტიის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ თქვა, რომ პირველ კენჭისყრაზე კანდიდატების 5-წლიანი ვადით ასარჩევად საკმარისი იქნება 90 დეპუტატის მხარდაჭერა. თუ ამდენი დეპუტატი არ იქნება თანახმა, იმავე დღეს შესაძლებელი იქნება განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება - კანდიდატი დამტკიცდება 76 ხმით. გამოდის, რომ რეალურად არაფერი იცვლება. მიქანაძის განმარტების მიხედვით, მმართველ ძალას სასურველი კანდიდატის ასარჩევად მხოლოდ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება დასჭირდება.

თუ ბევრს არაფერს ცვლის, მაინც რატომ იცვლება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი?

ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია ეჭვობს, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი „არალეგიტიმურად“ მიღებული საარჩევნო კოდექსის შეცვლაა. „გირჩი” პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პირველივე წუთებიდანვე ამტკიცებს, რომ იმ დღეს საპარლამენტო უმრავლესობას არ ჰქონდა ხმების საკმარისი რაოდენობა. „გირჩის“ დეპუტატების დათვლით, „ქართულ ოცნებას“ 3 ივლისს მხოლოდ 73 ხმის მოგროვება შეეძლო, ვეტოს დასაძლევად კი 76 ხმა იყო აუცილებელი.

XS
SM
MD
LG