Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაგლოევს უკრაინაში მებრძოლმა ოსებმა რუსული «УАЗ - буханка" სთხოვეს


ალან გაგლოევი, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი
ალან გაგლოევი, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს ალან გაგლოევს უკრაინაში მებრძოლმა „ოსეთის შენაერთმა“ "ბუხანკის" (буханка) სახელით ცნობილი «УАЗ»-ის მარკის ავტომობილის გაგზავნა სთხოვა.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო, გაგლოევის თანაშემწის, ალან პლიევის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ცხინვალიდან მაღალი გამავლობის მანქანებისა და ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა იგეგმებოდა და როცა ეს უკრაინაში მებრძოლებმა გაიგეს - ალან გაგლოევს მიმართეს თხოვნით, რომ მათთვის გაეგზავნა «УАЗ - буханка", რადგან "საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად მათ ის უკიდურესად ესაჭიროებათ".

პლიევი ამბობს, რომ ავტომანქანა უკვე ნაყიდია და სხვა ტვირთთან ერთად „უახლოეს მომავალში გაიგზავნება "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში [როგორც კრემლი უწოდებს სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში] “.

რუსულ წყაროებში მითითებულია, რომ 6-ადგილიანი «УАЗ буханка", გასული საუკუნის 50-იან წლებში, რუსეთში აშშ-სთან შესაძლო ბირთვული ომისთვის შეიქმნა - ძირითადად ცხედრების გადასატანად. ის რუსეთის სოფლებში კვლავ შეუცვლელ ტრანსპორტს წარმოადგენს. ინტერნეტში იძებნება არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ «УАЗ“-ის მარკის ეს ავტომობილები, რომლებსაც ძირითადად ტვირთის გადასატანად და დაჭრილების გადასაყვანად იყენებენ, არც რუსეთის არმიას ჰყოფნის და მათი შესყიდვა შემოწირულობათა ხარჯზე ხდება.

«УАЗ» ულიანოვსკის საავტომობილო ქარხნის რუსული აბრევიატურაა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზიდან სამხედრო მოსამსახურეები უკრაინის ომში რამდენჯერმე გაიწვიეს. წავიდნენ მოხალისე მებრძოლებიც. დაუზუსტებელი მონაცემებით, მათი რაოდენობა 1000 მებრძოლს შეადგენს. არის მსხვერპლი.

იყო შემთხვევები, როცა ცხინვალელი ჯარისკაცები იქ არსებულ გაუსაძლის პირობებზე ლაპარაკობდნენ. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

XS
SM
MD
LG