Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სპეცსამსახურმა (SBU) გაჩხრიკა სახალხო დეპუტატ ნესტორ შუფრიჩის სახლი. იგი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი


SBU-ს წყაროების თანახმად, შუფრიჩი ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში, მაგრამ ჯერ არ არის დაკავებული, როგორც ადრე არაერთი მედიასაშუალება წერდა.
SBU-ს წყაროების თანახმად, შუფრიჩი ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში, მაგრამ ჯერ არ არის დაკავებული, როგორც ადრე არაერთი მედიასაშუალება წერდა.

15 სექტემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) თანამშრომლებმა გაჩხრიკეს აკრძალული პარტიის („ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის“) წევრის, სახალხო დეპუტატ ნესტორ შუფრიჩის სახლი, სადაც, გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ცნობით, მოწმეების თანდასწრებით ნაპოვნი იქნა რუსული სიმბოლიკა და ჯილდოები. მათ შორის - აკრძალული "წმინდა გიორგის ლენტები" და რუსი ოფიცრის სამხედრო კიტელები.

SBU-ს წყაროების თანახმად, შუფრიჩი ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში, მაგრამ ჯერ არ არის დაკავებული, როგორც ადრე არაერთი საინფორმაციო საშუალება წერდა.

გამოძიების თანახმად, შუფრიჩი "მჭიდროდ თანამშრომლობდა „ეფესბეშნიკ“ (ასე უწოდებენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტებს.რედ.) და ყოფილ სახალხო დეპუტატ ვლადიმირ სივკოვიჩთან, რომელიც მოსკოვის ოფისიდან უწევდა კოორდინაციას უკრაინაში რუსი აგენტების საქმიანობას".

საგამოძიებო უწყების ცნობითვე, სწორედ სივკოვიჩი იყო SBU-ს ყირიმის ცენტრალური ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, გასულ წელს დაპატიმრებული ოლეგ კულინიჩის "კურატორი".

"აშკარაა, რომ სივკოვიჩის დავალებით შუფრიჩი იყო კრემლის ერთ-ერთი რუპორი უკრაინაში. მაგალითად, ის აცხადებდა, რომ ჩვენი სახელმწიფო ხელოვნური წარმონაქმნია. ახლა მას ექნება მეტი დრო იმისთვის, რომ გისოსებს მიღმა ნორმალური ისტორიული ლიტერატურა წაიკითხოს", - იტყობინება უკრაინის უშიშროების სამსახური.

თავად ნესტორ შუფრიჩს თავის მიმართ არსებულ პრეტენზიებთან და ჩხრეკასთან დაკავშირებით საჯაროდ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შუფრიჩი არ არის ერთადერთი უკრაინელი დეპუტატი, რომელიც ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში.

მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილად ცნო სერგეი პოლიშჩუკი, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ბლოკის ყოფილი დეპუტატი "ვერხოვნა რადაში", მის მიერ უკრაინის არსებობის უარყოფის გამო.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდეც კი, პოლიშჩუკი რეგულარულად სტუმრობდა მოსკოვს და მონაწილეობდა რუსი პროპაგანდისტის, ოლგა სკაბეევას გადაცემებში.

ივლისის ბოლოს უკრაინაში სახელმწიფო ღალატის მუხლით "ვერხოვნა რადის" ორ დეპუტატს, ვადიმ რაბინოვიჩს და ალექსანდრ პონომარიოვს წაუყენეს ბრალი.

ისინი იმ აკრძალული პარტიის („ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის“) წევრები არიან, რომლის ლიდერი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი 2022 წელს დააკავეს სახელმწიფო ღალატის მუხლით და მოგვიანებით მარიუპოლის საბრძოლო მოქმედებებისას ტყვედ აყვანილ „აზოვის“ პოლკის მებრძოლებში გაცვალეს.

ვადიმ რაბინოვიჩს, რომელიც უკრაინაში არ იმყოფება, 26 ივლისს უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ სახელმწიფო ღალატის ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.

ალექსანდრ პონომარიოვი კი მოქმედი პარლამენტარია. მას 25 ივლისს კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ 21 სექტემბრამდე მიუსაჯა საგამოძიებო იზოლატორში წინასწარი პატიმრობა.

XS
SM
MD
LG