Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters-ი: რუსეთს ანექსირებულ დონეცკსა და ლუგანსკში მოპოვებული ნახშირი თურქეთში გააქვს


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. უკრაინის დონეცკის ოლქში მოპოვებული ნახშირი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. უკრაინის დონეცკის ოლქში მოპოვებული ნახშირი

რუსეთს უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე მოპოვებული ნახშირი გააქვს თურქეთში, რომელიც ამ საწვავის ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელია. სააგენტო Reuters-ი რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან თურქეთში გაიტანეს სულ მცირე 14,3 მილიონი დოლარის ღირებულების, დაახლოებით 160 400 ტონა ნახშირი.

რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებში მითითებულმა სამმა მწარმოებელმა Reuters-ს დაუდასტურა ამ რეგიონებში მოპოვებული ნახშირის თურქეთში გაგზავნა. სააგენტომ კომენტარისთვის მიმართა თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს და საბაჟო სამსახურს, თუმცა პასუხი არ მიუღია. თურქეთი, რომელიც ნახშირის უმსხვილესი მომხმარებელი და იმპორტიორია, ამ საწვავს ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებს.

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში მოპოვებული ნახშირის ექსპორტის უდიდესი მიმართულება 2023 წლის თებერვალ-ივლისში იყო სწორედ თურქეთი, რომელზეც 95% მოდიოდა. ამასთან, რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემების მიხედვით, მყიდველები იყვნენ ჰონგ-კონგში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და რამდენიმე ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიები.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თურქეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. 2022 წლის ივლისში, ანკარამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ე.წ. „მარცვლეულის შეთანხმების“ მიღწევასა და უკრაინიდან შავი ზღვის გავლით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლებაში. რუსეთმა ეს შეთანხმება 2023 წლის ზაფხულში დატოვა.

ამასთან, ნატოს წევრმა თურქეთმა, აშშ-ისა და ევროკავშირისგან განსხვავებით, უარი თქვა რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდვაზე.

XS
SM
MD
LG