დღეს დილით რუსეთის ქალაქ კურსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. ქალაქის მერის, იგორ კუცაკის თანახმად, არავინ დაშავებულა, დაზიანებულია მრავალსართულიანი სახლის 15 ბინა და ადმინისტრაციული შენობის სახურავი.
რომელი ადმინისტრაციული შენობის, მერი არ აკონკრეტებს. გამოცემა LIGA.net-ი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ დრონით დარტყმა იყო შენობაზე, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული მოკლე ინფორმაციით, კურსკის ოლქში 2 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს.
კურსკზე დრონებით შეტევა იყო 24 სექტემბერს, დღისით და ღამითაც. უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი რუსი, ე.წ. სამხედრო ბლოგერები წერდნენ, რომ ერთ-ერთი სამიზნე იყო ხალინოს სამხედრო აეროდრომი. რუსული მედიით გავრცელებული ცნობებით, შეტევა განხორციელდა უშიშროების ფედერალური სამსახურის სამმართველოს შენობაზეც. რუსეთის ხელისუფლებას ეს ცნობები ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც სულ უფრო გახშირდა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა. უკრაინის ხელისუფლება ამ თავდასხმებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.