Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღში მომხდარი აფეთქების რაიონში რთული ვითარებაა


სტეფანაკერტი-ასკერანის საავტომობილო გზასთან მდებარე საწვავის საცავში აფეთქება 25 სექტემბერს მოხდა
სტეფანაკერტი-ასკერანის საავტომობილო გზასთან მდებარე საწვავის საცავში აფეთქება 25 სექტემბერს მოხდა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამედიცინო დახმარება გაგზავნა ყარაბაღში, სადაც 25 სექტემბერს ღამით ძლიერი აფეთქება მოხდა სტეფანაკერტი-ასკერანის საავტომობილო გზასთან მდებარე საწვავის საცავში. ამ დრომდე უცნობია დაღუპულთა რიცხვი და აფეთქების გამომწვევი მიზეზი.

ყარაბაღის დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ გასულ ღამით გავრცელებული ცნობებით, დაშავებულთა რიცხვი 200-ს აჭარბებდა და უმრავლესობის მდგომარეობა მძიმე იყო. ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენი გეგამ სტეპანიანი აცხადებდა, რომ დაშავებულთა ნაწილი ადგილობრივ რესპუბლიკურ და ბავშვთა კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა,ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად არცახის(ყარაბაღის) სამედიცინო შესაძლებლობები არასაკმარისია და საჭირო იყო მძიმედ დაშავებულების საჰაერო გზით ევაკუაცია.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად დაშავებულების საჰაერო და სახმელეთო გზით ღამით ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო უამინდობის გამო.

ყარაბაღში აფეთქება მოხდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკმაოდ რთულ დროს. ეთნიკურმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს მას შემდეგ, რაც 20 სექტემბერს, ერთდღიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად, აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ბაქოს მიზანია მშვიდობიანი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა, ბევრმა გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის გამო ყარაბაღი უნდა დატოვოს და სომხეთში გაემგზავროს.

სომხეთის მთავრობის თანახმად, 25 სექტემბრის საღამოს მდგომარეობით, ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულია 5580 პირი.

  • აზერბაიჯანმა 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგა კონტროლი ეთნიკური სომხებით დასახლებულ ყარაბაღზე, რომელმაც „დამოუკიდებლობა" გამოაცხადა. მას შემდეგ სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა.
  • 2020 წლის ნოემბერში, ყარაბაღში მორიგი ესკალაციის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ზოგიერთ რაიონზე დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის „სამშვიდობო კონტინგენტი".
  • 2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ყარაბაღში დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“, მას შემდეგ, რაც „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომელი და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურე.
  • 20 სექტემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით მიიღეს ოპერაციის შეჩერების თხოვნა და ისინი დასთანხმდნენ ბაქოს პირობებს - ყარაბაღში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციების დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლასა და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას.
XS
SM
MD
LG