დრონებით მორიგი შეტევა იყო რუსეთის კურსკის ოლქზე. თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, 25 სექტემბერს ღამით და 26 სექტემბერს დილით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქის ტერიტორიის თავზე „ჩამოაგდეს“ საერთო ჯამში, 5 „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შედეგების შესახებ არაფერს იუწყება და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ „აღკვეთა კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევა“.
კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო კორენევის რაიონში მდებარე ელექტროქვესადგურზე. გუბერნატორის თანახმად, არავინ დაშავებულა, თუმცა, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 7 დასახლებულ პუნქტს.
ზედიზედ მესამე დღეა კურსკის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით უტევენ. რუსეთის ამ რეგიონზე დრონებით თავდასხმა იყო სხვა დროსაც.
24 და 25 სექტემბერს რუსული და უკრაინული მედია წერდა, რომ კურსკში დრონებით თავდასხმა იყო ხალინოს სამხედრო აეროდრომსა და რუსეთის შსს-ს და უშიშროების ფედერალური სამსახურის სამმართველოს შენობებზე.
რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. უკრაინის ხელისუფლება დრონებით თავდასხმებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.