26 სექტემბერს უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი თავდასხმა იყო უკრაინის ოდესის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის შეტევა ორ საათს გაგრძელდა.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების უმრავლესობა მოიგერიეს, თუმცა ნაწილმა იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურამდე მიაღწია. ადმინისტრაციის თანახმად, დაზიანებულია გამშვები პუნქტის შენობა, საწყობები და 30-ზე მეტი სატვირთო ავტომანქანა. დაშავდა ორი მძღოლი.
იზმაილის რაიონი ოდესის ოლქის სამხრეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს. იზმაილის საპორტო ინფრასტრუქტურა უკრაინული ხორბლის და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ღამის განმავლობაში გამოიყენეს 38 ე.წ. დამრტყმელი დრონი, რომელთაგან 26 განადგურებულია.
25 სექტემბერს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ ოდესის პორტზე. დაიღუპა 2 ადამიანი. მნიშვნელოვნად დაზიანდა ოდესის საზღვაო ნავსადგურის და ამავე ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროს შენობები, განადგურდა მარცვლეულის საცავი და რამდენიმე საწყობი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ოდესის პორტის მოხსენიების გარეშე განაცხადა, რომ „მაღალი სიზუსტის იარაღით" იერიში მიიტანა „უცხოელი დაქირავებული მებრძოლების დროებითი დისლოკაციის და დივერსიული ჯგუფების მომზადების პუნქტებზე".