ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რამდენიმე ქვეყნის კომპანიებს, რომლებიც ვაშინგტონის მონაცემებით, ხელს უწყობენ ირანის მიერ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას. ირანულ დრონებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.
შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 სექტემბერს სანქციები ამოქმედდა ირანის, ჩინეთის, ჰონ-კონგის, თურქეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების 5 იურიდიული და 2 ფიზიკური პირის წინააღმდეგ. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ეს ქსელი ხელს უწყობდა ირანისთვის უპილოტო საფრენი აპარატების, Shahed-136-ის წარმოებისთვის მნიშვნელოვანი სერვოძრავების მიწოდებას და შესაბამის ფინანსურ ოპერაციებს. ვაშინგტონის მონაცემებით, ამ ქსელის მეშვეობით შეძენილი დეტალი აღმოჩენილია უკრაინაში ახლახან ჩამოგდებულ ერთ-ერთ უპილოტო საფრენ აპარატში.
შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ბრაიან ნელსონის განცხადებით, ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთისთვის რჩება უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, ამიტომ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით პასუხს მოსთხოვენ მათ, ვინც ირანს ეხმარება რუსეთისთვის დრონების მიწოდებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული არიან: ირანული Pishgam Electronic Safeh Company, ჰონ-კონგის Himark Electron Model Limited-ი და მისი წარმომადგენელი ჩინეთში, თურქული Dal Enerji და Anka Port-ი და არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია Farhad Ghaedi.
უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებში, რომლებსაც რუსეთი იყენებს, დასავლეთის სახელმწიფოებში წარმოებული დეტალებიცაა. ეს კომპონენტები ირანში, სავარაუდოდ, მესამე ქვეყნების გავლით შედის.