Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის თქმით, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, "ჩვენ ამას არ შევეგუებით"


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმეორებს, რომ ქვეყანას შესრულებული აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეკომენდაციები. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ ქვეყანა ვერ მიიღებს სტატუსს, "ჩვენ ამას არ შევეგუებით".

პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ხელისუფლების მხრიდან რაში გამოიხატება "არშეგუება".

"იცით, რომ მქონდა შეხვედრა შარლ მიშელთან, რამდენიმე ქვეყნის ლიდერებთან, სადაც მე მათ ღიად ვესაუბრები. ჩემი გზავნილი არის მარტივი, ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი, რომ ქვეყანა გატარებული რეფორმების გათვალისწინებით და ამ რთული გეოპოლიტიკური გათვალისწინებით, ითვალისწინებს კანდიდატის სტატუსს. მე მათ ეს მკაფიოდ დავუფიქსირე. სხვა შემთხვევაში, მე მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის და ძალიან უსამართლო მოპყრობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. მე ეს ბატონ ბორელთან პრესკონფერენციაზე შემთხვევით არ მითქვამს - ქართველებს მართლაც არ გვიყვარს და აბსოლუტურად მიუღებელი უსამართლო მოპყრობა და ჩვენ ამას არ შევეგუებით", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სამი კვირის წინ, 8 სექტემბერს, საქართველოში იმყოფებოდა უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი, რომელმაც თქვა, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად "კიდევ ბევრი სამუშაოა".

"მაგრამ ასევე უნდა გითხრათ, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა სერიოზული პასუხისმგებლობაა. კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაც ამა თუ იმ ქვეყანას დაუმსახურებლად ეკუთვნის. ის უნდა დაიმსახურონ სერიოზული რეფორმებითა და ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებით. გულწრფელად რომ ვთქვა, კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი", - აღნიშნა მან.

2022 წელს ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა გაერთიანების წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია.

2023 წლის ოქტომბერში გაირკვევა, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს პროგრესს შეაფასებენ ევროპული საბჭოს ლიდერები და გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებენ.

„ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებს, რომ რეკომენდაციები, პრაქტიკულად, შესრულებული აქვს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია მხოლოდ ფორმალურად მოქმედებს და რეალურად ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

XS
SM
MD
LG