Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის მონაცემებით, ყარაბაღიდან დევნილთა რიცხვი 85 000-ს უახლოვდება


ყარაბაღიდან სატვირთო ავტომანქანით წამოსული დევნილები სომხეთის სოფელ კორნიძორში
ყარაბაღიდან სატვირთო ავტომანქანით წამოსული დევნილები სომხეთის სოფელ კორნიძორში

სომხეთის მთავრობის მიერ დღეს, 29 სექტემბერს, დილით განახლებული მონაცემებით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში ჩავიდა, საერთო ჯამში, 84 770 იძულებით გადაადგილებული პირი. 28 სექტემბერს ღამით, ეს რიცხვი 78 354 იყო.

ეთნიკურმა სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ყარაბაღში 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი. მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ბაქოს მიზანია მშვიდობიანი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა, ბევრმა გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, ყარაბაღი უნდა დატოვოს და სომხეთში გაემგზავროს. სომხური მხარის მონაცემებით, ყარაბაღის მოსახლეობა 120 000 იყო.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 28 სექტემბერს განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება და ეს ეთნიკური წმენდის პირდაპირი აქტია.

აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის წარმომადგენელმა საგანგებო დავალებათა საკითხებში ელჩინ ამირბეკოვმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ერევნის განცხადებები ეთნიკური წმენდის შესახებ სიცრუეა და ბაქო ამას გმობს.

ამირბეკოვის თანახმად, სომხური მოსახლეობა აზერბაიჯანის ტერიტორიას თავისი სურვილით, ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებით ტოვებს და არა იძულებით, რადგან ბაქო მათ მოუწოდებდა დარჩენისა და მრავალეროვნული აზერბაიჯანის ნაწილად ყოფნისკენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სომხებს უკან დაბრუნება შეუძლიათ.

28 სექტემბერს ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი"(არცახი) არსებობას შეწყვეტს 2024 წლის 1 იანვრიდან. ამ დოკუმენტით, ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის ამჟამად მის ფარგლებს გარეთ მყოფები, უნდა გაეცნონ აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს და დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ ყარაბაღში დარჩენა-დაბრუნების საკითხი.

  • აზერბაიჯანმა 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგა კონტროლი ეთნიკური სომხებით დასახლებულ ყარაბაღის ავტონომიურ ოლქსა და ზოგიერთ მიმდებარე რაიონზე. 1991 წლის 2 სექტემბერს ყარაბაღმა გამოაცხადა „დამოუკიდებლობა“, რომელიც არავის უღიარებია, მათ შორის სომხეთსაც. რეგიონში სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა.
  • 2020 წლის ნოემბერში, ყარაბაღში მორიგი ესკალაციის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ზოგიერთ რაიონზე კონტროლი დაიბრუნა. რეგიონში განთავსდა რუსეთის „სამშვიდობო კონტინგენტი".
  • 2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ყარაბაღში დაიწყო „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“, მას შემდეგ, რაც „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომელი და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურე.
  • 20 სექტემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით მიიღეს ოპერაციის შეჩერების თხოვნა და ისინი დასთანხმდნენ ბაქოს პირობებს - ყარაბაღში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციების დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლასა და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას.
  • 20 სექტემბერს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღდგენილია.

XS
SM
MD
LG