Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატში უკრაინის დახმარების მომხრეები მსხვილ პაკეტზე მსჯელობენ


კაპიტოლიუმის შენობა ვაშინგტონში
კაპიტოლიუმის შენობა ვაშინგტონში

ამერიკელმა სენატორებმა ორივე წამყვანი პარტიიდან, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას, გამოაცხადეს თავიანთი განზრახვა, სწრაფად მიაღწიონ კიევისთვის წლიური დახმარების პაკეტის მიღებას 50-დან 100 მილიარდ დოლარამდე.

ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს და აღნიშნავს, რომ პაკეტი, რომელსაც პროუკრაინელი სენატორები განიხილავენ, ბევრად აღემატება აგვისტოში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მოთხოვნილ დახმარებას და გამიზნულია პერიოდისთვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2024 წლის ნოემბერში გაიმართება.

გაზეთი იხსენებს, რომ ზაფხულში თეთრი სახლის ხელმძღვანელმა მოითხოვა დამატებითი დახმარება 24 მილიარდი დოლარის ოდენობით, რამაც ბევრი რესპუბლიკელის წინააღმდეგობა გამოიწვია. სხვა საკითხებთან ერთად, Wall Street Journal-ი წერს ომზე ახალი დანახარჯებით უკმაყოფილო ამომრჩევლების მხრიდან რესპუბლიკურ პარტიაზე მზარდი ზეწოლის შესახებ.

ბევრი სენატორი, რომლებიც მხარს უჭერენ კიევის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას რუსეთის მხრიდან აგრესიის თავიდან ასაცილებლად, მიიჩნევს, რომ ზომების დიდი პაკეტის მიღება ძლიერ სიგნალს გაუგზავნის სხვა ქვეყნებს, რომ წარმომადგენელთა პალატაში ქაოსი არ მოახდენს გავლენას აშშ-ის გრძელვადიან ვალდებულებებზე უკრაინის წინაშე. დახმარების მომხრეები ასევე თვლიან, რომ უკრაინისთვის ერთი დიდი პაკეტის მხარდაჭერის უზრუნველყოფა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე რამდენიმე მცირე მოცულობის ტრანსფერისა.

ოქტომბრის დასაწყისში რესპუბლიკელთა კონსერვატიულმა ჯგუფმა მიაღწია მათი თანაპარტიელის, კევინ მაკარტის, გადაყენებას წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან. ეს ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა. კენჭისყრა გაიმართა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც კონგრესმა დაამტკიცა 45-დღიანი დროებითი ბიუჯეტი, რომელიც არ შეიცავს უკრაინის დახმარებას. მემარჯვენე რესპუბლიკელებმა მაკარტი იმაში დაადანაშაულეს, რომ ის ამზადებს ასეთი დახმარების გამოყოფის თაობაზე ბაიდენთან შეთანხმებას, რასაც ისინი არ ეთანხმებიან.

უკანასკნელ მოვლენებთან დაკავშირებით ღაზის სექტორსა და ისრაელში, სადაც რადიკალური პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებმა 7 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი შეიარაღებული მოქმედებები დაიწყეს ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, Wall Street Journal-ი წერს, რომ ჯერ უცნობია, როგორ შეიძლება ამ თავდასხმამ შეცვალოს დეპუტატების აზრი უკრაინის დახმარების თაობაზე. გაზეთი წერს, რომ "ჰამასის" მოულოდნელმა თავდასხმამ შოკი გამოიწვია ვაშინგტონში და აშშ-ის ყურადღება უკვე გადაიტანა ახლო აღმოსავლეთში მთავარი მოკავშირის დახმარებაზე.

XS
SM
MD
LG