Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული ყოფილი გამომძიებელი გაათავისუფლეს

ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე
ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე

2020 წლის ივლისში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. რადიო თავისუფლებას მისმა ადვოკატმა, დარეჯან ბუცხრიკიძემ უთხრა, რომ სასამართლომ 1-წლიანი პირობითი მსჯავრის შეფარდებაზე განაჩენი დაახლოებით 2 თვის წინ გამოაცხადა.

"კანონი ითვალისწინებდა გათავისუფლებას - ნაკლებად მძიმე დანაშაული იყო, პირი ნასამართლევი არ იყო, სამი შვილი ჰყავს, ოჯახის ძირითადი მარჩენალია და სასამართლომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე შეუფარდა პირობითი. არ იყო აუცილებელი პატიმრობა", - ამბობს ადვოკატი.

თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც. 17 დეკემბერს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე და საქმე დახურა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 2025 წლის 25 ივნისს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას შუბითიძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას.

ყოფილი გამომძიებელი წაყენებულ ბრალს აღიარებდა.

2023 წლის 29 აპრილს „შაბათის ფორმულამ“ ჩაწერა 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც მანამდე უცნობ დეტალებს ჰყვებოდა. შუბითიძის თქმით, საქმის გამოძიება გაყალბდა.

ტელეკომპანია „ფორმულა“ აცხადებდა, რომ საქმის გამომძიებელმა "შაბათის ფორმულასთან" რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ილაპარაკა.

„სერგო შუბითიძე იყო ის გამომძიებელი, ვინც ბაჩალიაშვილის ტელეფონი ჩაიბარა და შემდეგ მასში შენახული ინფორმაცია გადაამოწმა. გამომძიებელი საქმის გაყალბების ათვლის წერტილად სწორედ იმ მომენტს ასახელებს, როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, გახსნილი ტელეფონი ე.წ. ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დაელუქა“, - ნათქვამი იყო ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

XS
SM
MD
LG